აშშ-ის სამხედრო უწყების, პენტაგონის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, რომელიც მან 9 ივლისს გააკეთა, თუკი აშშ-ის არმია შეძლებს მოიპოვოს დასტური იმისა, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ, რუსეთი თალიბებს ფულად ჯილდოს აძლევდა, აშშ სამაგიერო ზომას მიმართავს.
შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ განაცხადა, რომ ინფორმაცია სამხედრო დაზვერვას ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ, პირობა დადო, რომ თუ ის დამტკიცდა, აშშ „იმოქმედებს“.
პირველი, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, “ნიუ-იორკ თაიმსი” იყო. გაზეთი იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ინფორმაცია არ მიაწოდეს, რადგან ის არ იყო დადასტურებული. როცა საავარაუდო ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა გეგმა გერმანიიდან აშშ-ის ჯარის ნაწილის, დაახლოებით ათი ათასი სამხედროს გაყვანის შესახებ. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, ავღანეთში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც რუსეთისთვის გაგზავნილი არასწორი სიგნალი. სხვა მოსმენებზე ნიკოლსონმა განაცხადა, რომ გერმანიიდან ჯარის გაყვანა წაადგა რუსეთის სურვილს, ძირი გამოუთხაროს ნატოს და დაასუსტოს იგი.