fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

96
Share Button

თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა გრემელაშვილის თავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას, მათზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და განმარტავს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია სახლში.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი