fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს

65
Share Button

რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. იგი ახალგორის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ დაკავებულის თხოვნით, ოჯახს ახალგორიდან ცოტა ხნის წინ აცნობეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე იარაღით დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

“მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

“უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

“აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.” – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი