კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დეპუტატ კობა კობალაძის შვილი დააკავეს

“ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას.” – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა.

„არავის არც ხელს ვაფარებ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი. ამბავი არ ვიცი, გაერკვევიან. შვილს აქვს სიმართლის მხარე, თუ ვინმე იმას ცდილობს, რომ არჩევნები მოდის და ნებისმიერი ქმედებით ამ არჩევნების, რაღაც ინიცირება მოახდინოს და ბინძური თამაშის, ეგ პრობლემა მისია და ჩვენი არანაირად.” – განაცხადა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-თან.

მოისმინეთ კობა კობალაძის ხმა.

საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ “ტვ პირველის” ეთერში გასული ანონსის შემდეგ გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი.

უწყების ცნობით, 2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

“ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.” – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი დავით კობალაძე და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ჟურნალისტი დაზარალებულის მამის ფარულ ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბიჭს დაზიანებები თავშიც აქვს მიყენებული.

სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა არ გასულიყო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა კითხვებით დეპუტატ კობალაძესაც მიმართა.

ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს, საბურთალოზე მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button