fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აზერბაიჯანმა სომხეთის არმიის საყრდენი პუნქტი დაბომბა

178
Share Button

„ჩვენი ქვედანაყოფების მიერ, არტილერიის, ბომბდამშენების და ტანკების გამოყენებით, განადგურებულია სომხეთის არმიის საყრდენი პუნქტი, საარტილერიო დანადგარები, საავტომობილო ტექნიკა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა.” – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების თქმით, ბრძოლაში დაიღუპა აზერბაიჯანელი უფროსი ლეიტენანტი.

„ამ დროისთვის, ვითარებას ჩვენი ჯარები აკონტროლებენ და გადამწყვეტ დარტყმებს აყენებენ მტერს, რომელიც მალავს ინფორმაციას დანაკარგების შესახებ.” – ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

“რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

”გუშინ, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე.” – განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა „შემაშფოთებელია“.

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით, უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული.” – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი