მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართველი ქალი – შვილების გამჩენი”

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, გოჩა აბუსერიძე ქართველი ქალის დახასიათებისას ამბობს, რომ დედობა და შვილების გაჩენა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამით მან დღეს, 14 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებს უპასუხა:

ნაზი ჯანეზაშვილი: “არაერთ კვლევაში არის ხოლმე ასეთი შეკითხვა დასმული რომელიც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით იკვლევს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ქვეყანაში თუ როგორია ქართველი ქალის ასე ვთქვათ დახასიათება. აი, რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი “ქართველი ქალი”, როგორ დაახასიათებდით მას? რა დატვირთვას ატარებს? აი, თქვენ როგორც ერთ-ერთ კანდიდატს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, რომელსაც ასე ვთქვათ გარკვეული შეხედულებები აქვს და როგორც უკვე მივხვდი გამოცდილებაც ამ მიმართულებით, როგორ დაახასიათებდით”.

გოჩა აბუსერიძე: “ქართველ ქალს როგორ დავახასიათებდი”?

ნაზი ჯანეზაშვილი: “კი, ანუ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს? აი, შეიძლება გითხრათ, მაგ: ოჯახისთვის თავდადებული, ოჯახის ერთგული, ქმრის მორჩილი, კდემამოსილი, პატიოსანი, წესიერი, ტრადიციების მიმდევარი, კარგი დიასახლისი, სტუმართმოყვარე. რა გახსენდებათ? რას ნიშნავს ეს ეპითეტი? რა დატვირთვას ატარებს თქვენთვის? თუ ატარებს საერთოდ რაიმე დატვირთვას”?

გოჩა აბუსერიძე: “დიახ, რა ვიცი… ქართველი ქალი, როგორც დედა, – ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა, შვილების ასე ვთქვათ გამჩენი და აღმზრდელი, რა თქმა უნდა, მამასთან ერთად, კარგი მეოჯახე, ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მოყვარული, მეუღლის მოყვარული, რა ვიცი, სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახის ერთ-ერთი წევრია”.

დღეს, 14 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს გოჩა აბუსერიძეს და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.

გოჩა აბუსერიძე 2017-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2020 წლის მარტიდან იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე.

მსგავსი პოსტები

Back to top button