Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რესპუბლიკურ პარტიას არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს

261

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას 2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარის 17 ივლისის განკარგულებით დასტურდება.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, უარის მიზეზი განაცხადის დაგვიანება გახდა. განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიამ განცხადებით ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადება №გ-01/14/07/20/28 (ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.” – აღნიშნულია განკარგულებაში.

საარჩევნო კომისიის ეს განკარგულება შეიძლება მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს. განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

რესპუბლიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ დაადასტურა.

“საარჩევნო რეგისტრაციისთვის პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს 15 ივლისამდე. შესაბამისად, მიმართვის ფორმა არ წერია, როგორ უნდა მივმართოთ. ჩვენ გავუგზავნეთ ფოსტით. 14-ში ჩაბარებული გვაქვს ფოსტას, ანუ 15 ივლისამდე ჩვენ შევასრულეთ საკუთარი ვალდებულება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ფოსტაში ჩაბარების თარიღი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, მას როდის ჩაბარდა.” – თქვა თამარ კორძაიამ.

კორძაიას განმარტებით, სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს და შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სასამართლო როგორ განმარტავს კანონის ამ ნორმას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი