fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბიძინა ივანიშვილი კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს

134

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, კოჯორში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის წარდგენა მოხდა, კვლავ ყოფილი ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინდელმა მთავრობამ, ნაცვლად კრიზისის თავიდან აცილებისა, მოქალაქეები “ბრძოლის ველზე მიატოვა”:

“ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. არათუ დაიცვეს მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვეს ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს.” – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით, ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მისთვის მთავარი, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

“სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში. იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მჯერა, ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ხმა.

თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობილია. კანდიდატები პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

გლდანში ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.

ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირისპირდება.

Edison Reaserch-ის კვლევით, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩატარდა, ამ ოლქში ნიკა მელიას მხარდაჭერა 35%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის – 32%.

სამგორში ოცნებამ პრემიერის მრჩეველი და ყოფილ მინისტრი სოზარ სუბარი წარადგინა.

ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდება.

Edison Reaserch-ის კვლევის შედეგებით, ხაბეიშვილის მხარდაჭერა 15%-ს შეადგენს, ქართული ოცნების კანდიდატის – 42%-ს.

ისანი – კახი კახიშვილი.

ოპოზიციიდან მისი კონკურენტი გიორგი ვაშაძეა.

Edison Reaserch-ის კვლევით, ვაშაძეს ხმას 37% აძლევს, ქართული ოცნების კანდიდატს – 36%.

საბურთალო – მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო წარადგინა.

ვაკე – ქართული ოცნების კანდიდატი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეა.

აღნიშნულ ოლქში ოპოზიციიდან კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.

Edison Reaserch-ის კვლევით, ხოშტარიას ხმას 46% აძლევს, მმართველი გუნდის კანდიდატს – 31%.

ნაძალადევი – ოპოზიციის საერთო კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს, აქ მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდება.

Eდისონ ღესეარცჰ-ის კვლევით, ნათელაშვილის მხარდაჭერა 20%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის – 42%.

დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი.

მთაწმინდა-კრწანისი – აქ ქართული ოცნების კანდიდატი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა.

ოპოზიციიდან მისი კონკურენტი შალვა შავგულიძე იქნება.

Edison Reaserch-ის კვლევით, 28% ამბობს, რომ ხმას შავგულიძეს მისცემს, 38% – “ქართული ოცნების” კანდიდატს.

ცნობისთვის, დღეს, 20 ივლისს, მმართველმა გუნდმა კამპანია ოფიციალურად გახსნა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი