fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დასჯილი საყვარლის შურისძიება და ოჯახური ტრაგედია მარნეულში

375
Share Button

დღეს, 20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ სოფელში მომხდარ (14-15 ივლისი) სავარაუდო ძალადობის ფაქტს. საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სოფელ კაპანახჩში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე სოფლის მკვიდრები უყვებიან, ბოძზე მიბმულ მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ფაქტს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც კაცი გაკოჭეს.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი მისი მშობლების მოსვლამდე, ბოძზე მიბმული იყო. ოჯახის წევრების მტკიცებით, მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და ის 19 ივლისს დაკრძალეს. ახლობლების თქმით, ამ დროისთვის, პოლიციის სამმართველოში 8 ადამიანია გადაყვანილი.

„8 კაცის განთავისუფლებას ვითხოვთ. აქ უსამართლობა მოხდა. ერთი ოჯახი დაანგრიეს, ვინც წაიყვანეს, გაუშვან. მათ შორის არასრულწლოვანიც არის. ხალხს სახლში ავადმყოფი ჰყავს. ვისაც რძალთან ურთიერთობა ჰქონდა, იმას რატო არ იჭერენ? სამძიმრის სათქმელადაც კი არავინ ხვდება ოჯახში, ცოლი, შვილი, ძმა და ძმისშვილები წაიყვანეს პოლიციაში. გარდაცვლილმა არ დაუშვა, რომ ძალადობა მომხდარიყო და თვითონ შეეწირა ამბავს. ბიჭზე არავის უძალადია, არ მოკლეს, არ ცემეს, ელოდებოდნენ, მისი მშობლები როდის მოვიდოდნენ. ექსპერტები აქ არიან და გამოიძიონ.“ – განაცხადა გარდაცვლილი კაცის ძმის ცოლმა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუ პოლიციაში წაყვანილ პირებს სახლში არ დააბრუნებენ, ისინი პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი