მსოფლიოსიახლეები

უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა სამგზავრო ავტობუსი დაატყვევა

უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედს ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.

სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული.

პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცამდე ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის სამსახურის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს განლაგებული.

„მამაკაცმა განაცხადა, რომ ავტობუსი დანაღმულია. მას ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს. გარდა ამისა, ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს განლაგებული, რომლის ამოქმედება დისტანციურად შეუძლია.” – განაცხადეს უწყებაში.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ ბოროტმოქმედი ადრე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამგზავრო ავტობუსის გატაცების ადგილზე შს სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ.

„პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button