fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსულენოვან გასართობ კომპლექსს ქართული ანბანიც დაემატა

134

ლაგოდეხში დამონტაჟებულ საბავშვო გასართობ კომპლექსზე, რუსულთან ერთად, ქართული და ლათინური ანაბანიც გამოჩნდა. დღეს დილით პარკში მისულ ვიზიტორებს, კომპლექსის ფასადზე მიკრული, რამდენიმე ფერში დაბეჭდილი სტიკერები დახვდათ. ადგილზე მყოფი მცირეწლოვანი ბავშვები ამბობენ, რომ სტიკერები წუხელ გააკრეს, თუმცა ვინ იყვნენ ამ საქმის ინიციატორები და შემსრულებელები, არ იციან.

რადიო ჰერეთი ლაგოდეხის მერიას დაუკავშირდა და იკითხა, ვის ეკუთვნის ინიციატივა, რუსულთან ერთად ქართული და ლათინური ანბანი განთავსებულიყო, თუმცა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცის და ამბავი ჩვენგან გაიგო.

საბავშვო გასართობი კომპლექსის ფასადზე ქართული და ლათინური ანბანი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივთა ერთმა ნაწილმა მერიის მიერ 87 ათას ლარად ნაყიდ ატრაქციონზე მხოლოდ რუსული ანბანი აღმოაჩინა და ეს ფაქტი პროპაგანდად შეაფასა.

ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მერიას მოუწოდებდა, ატრაქციონი გადაეღება და რუსულის ნაცვლად, ქართული ანბანის პოპულარიზაცია მოეხდინა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი რამდენიმე დღის წინ რადიო ჰერეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ატრაქციონზე რუსული ანბანის განთავსება მას ისეთი მნიშვნელობის პრობლემად არ მიაჩნდა, როგორადაც საზოგადოების ნაწილი აღიქვამს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი