fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ძებნაში ვერტმფრენი ერთვება

41
Share Button

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, მათი სახლიდან პოლიციამ ლეპტოპი გუშინ წაიღო, თუმცა ისინი ლეპტოპში შესვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან მას პაროლი ადევს.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რა გაარკვია პოლიციამ ლეპტოპის მეშვეობით.

„ზარები ვერ დავაფიქსირეთო, ჩემი ბოლო იმედი იყო კომპიუტერი, რომ გაირკვეოდა რაღაცეები. არ მეუბნებიან, რა გაირკვა. წაიღეს გუშინ დილას და დღეს უნდა გაეხსნათ. დღესაც მეუბნებიან, რომ ვერ გავხსენით, პაროლი არ ვიცითო.” – აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

აქციაზე, რომელიც წუხელ დაკარგულის ახლობლებმა ფონიჭალაში გამართეს, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დღეიდან თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. ძებნაში მონაწილეობის მიღებას ითხოვს დაკარგულის დედა თეონა თამაზაშვილიც.

მოისმინეთ ლევან ჯაფარიძის, აქციის მონაწილეების, თეონა თამაზაშვილის და თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის, – კობა თამაზაშვილის ხმები.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ.

ამ ეტაპზე, სამძებრო სამუშაოები ერთდროულად, თეთრიწყაროს ორ სოფელში მიმდინარეობს.

ბოლოს გოგო სწორედ თეთრიწყაროში ნახეს. დაკარგული ბაჩალიაშვილი ხაიშში კამერამაც დააფიქსირა.

არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი