კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ამ წუთებში ხმაურია ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან, სადაც პოლიცია აქციის “ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!” მონაწილეებს უპირისპირდება. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა გზის სიმბოლურად გადაკეტვა დააპირეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკუშა ფარულავას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ესენი არიან: მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ოთო შენგელია და აქციის ორი მონაწილე, – ლაშა ცუცქირიძე და ზვიად კუპრავა.

მანამდე კი, მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელთათმანების შსს-ს ღობეზე გაკვრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ძალოვან უწყებასთან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარებისა და გაუხსნელი საქმეების სიმრავლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვიდან 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები და არ არის გამაფრთხილებელი აბრები. შესაბამისად, ტერიტორია მეტწილად, დაუცველია.

ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი, ელისო ჩეჩელაშვილი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა. მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ.

საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის, 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

უკვე 1 თვეზე მეტია, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დღემდე იკითხება საქმის სხვადასხვა ფიგურანტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button