კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც დაკითხულია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის დაკარგვასთან დაკავშირებით, შსს-ს 18 ივლისის საღამოს მიმართეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო.

“მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები. ფოტოსურათი გაიგზავნა ყველგან და ძებნაზე გადაეცა მისი მანქანა. ბოლოს ის სოფელ ხაიშის კამერაზე დაფიქსირდა, სადაც ჩანს, რომ მანქანას თავად მართავდა. სამძებრო სამუშაოები ხაიშის ტერიტორიაზე გაგრძელდა, გამოიკითხნენ ადგილობრივებიც.” – ამბობს ჭელიძე.

მისივე თქმით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა და მასთან კონსულტაციებიც გაიარა.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, ფსიქოლოგი უკვე დაკითხულია, თუმცა თავი შეიკავა ინფორმაციის გამჟღავნებისგან, თუ რაზე ესაუბრა ის გამომძიებლებს.

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება.” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ჭელიძე ამბობს იმასაც, რომ საქმესთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ისე თანამშრომლები და მეზობლები. გამოკითხულია 23 წლის ქალის ფსიქოლოგიც, თუმცა შსს-ში გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც შსს-ში ამბობენ, დაღუპულის ავტომობილიდან ამოიღეს წერილიც, სადაც მისი კუთვნილი ანაბრის გამოყენებაზეა საუბარი. თუმცა, გუშინ ამ საკითხზე ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ თამარის საფულეში იპოვეს ყოველდღიური ჩანაწერები და არა წერილი.

მიხეილ ჭელიძის თქმითვე, დაღუპულის სამსახურიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და უკვე დაიკითხნენ კომპანიის როგორც თანამშრომლები, ისე მენეჯმენტი. “ამ კუთხითაც ვიკვლევთ რამე კავშირი აქვს თუ არა მის სამსახურს გარდაცვალებასთან”.

მოისმინეთ მამუკა ჭელიძის ხმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. გუშინ, 22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

მანამდე კი, ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგონას ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა.

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button