მსოფლიოსიახლეები

საზავო შეთანხმება დონბასში

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დონბასში ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტისთვის მზადებას განაგრძობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ივლისს შუაღამით უნდა შევიდეს ძალაში. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მიმდინარე კვირაში, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში შემავალი უკრაინა, რუსეთი და ეუთო შეთანხმდნენ.

უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საზავო რეჟიმის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას აცხადებენ აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტებიც, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ დააზუსტეს, რომ თავიანთ მებრძოლებს ყოველგვარი იარაღის გამოყენება აუკრძალეს.

სამმხრივ ჯგუფში აგრეთვე შეათანხმეს ზავის კონტროლის დამატებითი ზომების კომპლექსი, რაც, სხვათა შორის, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობას და სროლას, მათ შორის, სნაიპერული იარაღის გამოყენებას კრძალავს.

როგორც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების კანცელარიები იტყობინებიან, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს და მხარი დაუჭირეს საზავო შეთანხმებას, რომელიც დღეიდან შედის ძალაში.

საუბრისას პუტინმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, 2020 წელს რეგიონული არჩევნები ჩაატაროს, ეწინააღმდეგება მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული.

კიევი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აპირებს მთელს უკრაინაში, გარდა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასის კონფლიქტის ზონაში დროდადრო ცხადდება, მაგრამ პრაქტიკულად, მაშინვე ირღვევა. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ხოლმე.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2014 წელს მოსკოვმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტებისთვის დახმარების აღმოჩენა დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button