fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ქართული მხარე ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცედურაში არ მონაწილეობს”

306
Share Button

ევროსტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული, გასული წლების სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს არალეგალ მოქალაქეთა რიცხვმა იმატა.

ქართველები ევროპის ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში თავშესააფრის მოთხოვნის სურვილით ჩადიან და მასპინძელ ქვეყანაში 90 დღიანი ვადით ყოფნის რეგულაციას არღვევენ, რის შემდეგაც დღის წესრიგში მათ მიმართ რიადმისიის ანუ დეპორტაციის პროცედურის განხორციელების საკითხი დგება.

მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ რომ ამა თუ იმ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია, ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე და თანადაფინანსებით ხდება.

აღნიშნულ თემებზე ინფორმაციის მიღება რადიო ჰერეთმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროდან სცადა.

დეპორტაციის პროცედურებსა და საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობის შესახებ ჩვენ კითხვები სამინისტროს პრეს-სპიკერს მარი ნარჩემაშვილს დავუსვით.

ნარჩემაშვილის თქმით, ქართული მხარე ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცედურაში არ მონაწილეობს თუ რიადმისიის განმახორციელებელმა სახელმწიფომ ქართულ მხარეს კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირება არ მოსთხოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია არ დაწყებულა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

“აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2011 წელს მოეწერა და იგი ითვალისწინებს მხარეთა ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნებას”.

როგორც მარი ნარჩემაშვილმა რადიო ჰერეთთან საუბრისას განაცხადა, მოქალაქის მიმართ დეპორტაციის პროცედურის განხორციელების გადაწყვეტილებას იმ ქვეყნის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოები იღებენ რომლის ტერიტორიაზეც უკანონოდ იმყოფება საქართველოს მოქალაქე. ანუ მას ამოწურული აქვს ევროპის ტერიტორიაზე ყოფნის 90 დღიანი ვადა.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციით დაბრუნებას ან ანაზღაურებს თუ არა დეპორტაციისთვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართულ მხარეს აღნიშნული ქმედების არც ვალდებულება და არც იურიდიული უფლება არ აქვს.

“არ არსებოს რაიმე ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც ჩვენი ხელისუფლება შეძლებს ჩაეროს რომელიმე ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების დეპორტაციის პროცესში, ჩვენ მხოლოდ გვაქვს ვალდებულება მოვახდინოთ იმ პირთა იდენტიფიცირება რომელთა შესახებაც ინფორმაციას ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან მიგრაციის სამსახური ითხოვს”. – განმარტავს ნარჩემაშვილი.

რადიო ჰერეთი ასევე დაინტერესდა თუ როგორია გასულ წლებთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დინამიკა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის კლებადია რაც აისახა კიდეც ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ევროპის 16 სახელმწიფოს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ 16 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის მიერ, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება და ძირითად შემთხვევებში არ კმაყოფილდება.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ისევ მაღალი რჩება. დოკუმენტის თანახმად 2019 წლის რიცხვი აღემატებოდა 2018-2017 წლების მთლიან მაჩვენებელს.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არიან, რომლებიც საერთაშორისო დაცვას სთხოვენ ევროკავშირის ქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან ბრძოლას აგრძელებს. ამ თემაზე ერთად მუშაობს ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საქართველოს ხელისუფლება.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან 2017 წლის მარტში ამოქმედდა. ანგარიშში წერია, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დაახლოებით 900 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო გადაადგილებით.

ავტორი: ერეკლე ცოცანიძე, რადიო ჰერეთის ჟურნალისტი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი