fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

134
Share Button

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის ბრალდებით, პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დააპატიმრეს.

ლერი სულაბერიძის განცხადებით, აღნიშნული სახელი და გვარი მას არაფერს ეუბნება.

ამასთან, სულაბერიძისთვის უცნობია, შესაძლოა თუ არა, რომ მომხდარის მიზეზი „დინამოსთან“ დაკავშირებული დავა იყოს.

მოისმინეთ ლერი სულაბერიძის ხმა.

ლერი სულაბერიძის ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, მათ სურთ, რომ წყნეთის გზაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სიმართლე დადგინდეს. ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალებზე წვდომა ჯერჯერობით არ აქვს, რადგან ლერი სულაბერიძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ აქვს. ადვოკატისთვის ასევე უცნობია, ფიგურირებს თუ არა საქმეში ვიდეოჩანაწერი.

„ვაფიქსირებ იმას, რომ გუნდ „დინამოსთან“ მიმართებით სამართლებრივი დავა, ფაქტობრივად, ბოლო ეტაპზეა. თუმცა, რაიმე სახით დაკავშირებულია თუ არა ეს საკითხი ამ გუნდის შემდგომ ბედთან, ეს ჩემთვის უცნობია.” – აცხადებს შოთა მანელიძე.

მოისმინეთ ადვოკატების, – შოთა მანელიძის და ირმა ჭკადუას ხმები.

შეგახსენებთ, რომ ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კალების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სულაბერიძის მანქანას კი, 5 ნატყვიარი აქვს.

ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე წელია, სულაბერიძე სასამართლოში საფეხბურთო კლუბ “თბილისის დინამოს” გამო დავობს და სასამართლო პროცესები ორ ინსტანციაში უკვე მოიგო. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ დავას, უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი