მსოფლიოსიახლეები

ცენზურა თურქეთში

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ და სხვა პლატფორმებს დაავალდებულებს, დაემორჩილონ მთავრობის მოთხოვნას თავიანთი პლატფორმიდან კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით და მონაცემები თურქეთში შეინახონ, იტყობინება CBS News.

კანონის კრიტიკოსების აზრით, იგი სოციალური მედიის გაკონტროლებისა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაა.

კანონის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიებს, რომლებსაც დღიურად მილიონზე მეტი მომხარებელი ჰყავთ, მოუწევთ თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა და კონტენტის დაბლოკვასა და წაშლაზე მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მათი დაჯარიმება, რეკლამების დაბლოკვა ან მათი [მონაცემების] გამტარობის შესაძლებლობის 90%-მდე შეზღუდვა, რის შედეგადაც მათზე წვდომა შეუძლებელი გახდება. კანონი ასევე მოითხოვს, რომ მომხმარებელთა მონაცემები თურქეთში იქნას შენახული.

კანონს მხარი დაუჭირა თურქეთის მმართველმა — “სამართლისა და განვითარების პარტიამ”, ნაციონალისტ მოკავშირეებთან ერთად.

როგორც CBS წერს, ბოლო დროს მათ შორის, ვისაც მთავრობისდამი ოპოზიციური განწყობა აქვს, სოციალური მედიის პოპულარობა გაიზარდა, ხოლო მეინსტრიმული მედიის უმრავლესობას ფლობს ბიზნესი, რომელსაც მთავრობასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს.

ამასთან ერთად, გამოცემის ცნობითვე, სოციალური მედიის შემთხვევაშიც, მთავრობა ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. „ტვიტერის“ ცნობით, 2019 წლის პირვლ ნახევარში თურქეთიდან კონტენტის წაშლის 6 000 მოთხოვნა შევიდა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კონტროლი გამკაცრდებოდა. ასე მან „ტვიტერში“ მისი შვილისა და შვილიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტებს უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button