fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“Facebook და Instagram საერთოდ არ არის ლეპტოპში”

212

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გამოკვლევის შედეგად აღმოჩენილ მასალაზე ამბობს, რომ კომპიუტერში ფოტოების გარდა არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს, რაც მას ეჭვს უჩენს.

“ბოლოს არის შესული 18-ში, 11 საათზე, არის რაღაც საიტიც მითითებული და ესეც დასადგენია, რა საიტია. Facebook და Instagram საერთოდ არ არის ლეპტოპში. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის ფოტოებია და რაც ძალიან საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშეა ჩასართველი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები. აქედან უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ ამ გოგომ თითქოსდა მართლა საქმე მიიყვანა თვითმკვლელობამდე.” – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

მოისმინეთ მიხეილ რამიშვილის ხმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს, 4 აგვისტოს, აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართეს. ოჯახის მთავარი მოთხოვნაა თავიანთი შვილის სიკვდილის გამოძიებაში FBI-ს ჩართვა. ბაჩალიაშვილის დედამ საქართველოში აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაც მოითხოვა. მოგვიანებით კი, ოჯახის წევრები ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ.

როგორც გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ელჩის წარმომადგენელმა საქმის მოკლე დროში გახსნასთან დაკავშირებით დახმარების იმედი მისცა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს პროკურატურა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას დათანხმდება, ამერიკის საელჩო მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ, თუ პროკურატურა აღნიშნულზე უარს იტყვის, “თავს დაიღუპავს და დაამტკიცებს, რომ თავად არის დამნაშავე”.

“ძალიან წუხდნენ, რომ ასეთი რამე დაგვემართა ჩვენ. იმედი მოგვცეს, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას. მოწმეებს აქრობენ, ის მწყემსი, ის ბაჭულაშვილი სად გაქრნენ და რომელ პადვლებში არიან ღმერთმა იცის. მისვლით აუცილებლად მივალ უწყებაში.” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მოისმინეთ ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ხმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი