Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გახარიას და თურნავას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

214

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე “ღრმა ეკონომიკური კრიზისი” დააანონსა და თქვა, რომ მთავრობა პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დახმარების III ეტაპს იწყებს. მისი შეფასებით, გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი აშკარაა და “მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ, მაგალითად, მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, კიდევ რამდენიმე ქალაქთან, ეს ზღვაში წვეთია. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს”.

მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.

თუმცა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ორი დღეა, კმაყოფილია როგორც ფრენების ინტენსივობით, ისე “პირველი ტურისტებით”.

“მე როგორც ეკონომიკის მინისტრს, არ შემიძლია, სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩაში გამოჩნდნენ პირველი ტურისტები.” – თქვა თურნავამ 5 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

6 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დასრულებისას კი, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა: “საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ხედავთ, რომ ფრენები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება. არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შარშან იყო, მაგრამ როგორც შეეფერება იმ მთავარ ამოცანას, რომ ჩვენი ეპიდვითარება უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ.”

მოისმინეთ ნათია თურნავას ხმა.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად, მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და “მოქალაქეებზე ზრუნვას” ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ; პარიზში, – Air France, ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ, თუ “ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს”, კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით, ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ”. ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და “როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა: “როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია”.

28 ივლისს კი, განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, “საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი, ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას”.

ტაბულა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი