fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ექსპერტიზის თანახმად, წერილი ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

163

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს ჩანაწერი: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”. უწყების თქმითვე, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელნაწერი ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

“2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” — შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.” — ამბობენ უწყებაში.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო ჩაკეტილი, გასაღები კი, მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით.

“ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.” — აღნიშნავენ შსს-ში.

უწყება აქვეყნებს წერილის, ასევე ექსპერტიზის დასკვნის ასლებს:

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია, თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200 მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში დრონი იყო ჩართული. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილის Linkedin-ის თანახმად, იგი დეველოპერად ორ კომპანიაში, “ზეგ”-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია” ზეგში” შსს შევიდა. დირექტორის თქმით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება “ზეგ”-ში საქმიანობას არ უკავშირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი