მნიშვნელოვანისაქართველო

წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოგება თუ კრიზისის შემსუბუქების მცდელობა

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა კვლავ გადაუხდის კომუნალურ გადასახდელებს ხალხს და ასევე სწავლის დაწყების წინ, 17 წლამდე ახალგაზრდები მთავრობისგან 200 ლარიან დახმარებასაც მიიღებენ. საინტერესო იყო აგრეთვე პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 300 ლარიან დახმარებას იმ თვითდასაქმებულებსაც მისცემს, ვისაც დოკუმენტების არასრულად შევსების გამო აქამდე დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. პრემიერი სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც დაპირდა დახმარებას და სწავლის საფასურის ნაწილის დაფინანსებას. რა გახდა სწორედ დღევანდელ მთავრობის ხდომაზე მსგავსი დაპირებების გაცემის მიზეზი – ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო დამძიმების პროგნოზი თუ არჩევნების მოახლოების წინ ხალხის გულის მოგება? მთავრობის და ოპოზიციის ვერსიები ურთიერთგამომრიცხავია.

მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფო დახმარების გაცემა დააანონსა. კერძოდ, ხელისუფლება აპირებს კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა მომავალი ზამთრის თვეებშიც გააგრძელოს. პრინციპი კი იგივე იქნება, რაც გასული მარტის, აპრილის და მაისის თვეებში იყო.

„ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დახმარება იქნება იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო  – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ის თვითდასაქმებული, ვინც სამსახური პანდემიის დროს დაკარგა და სრულად ვერ შეავსო დოკუმენტაცია 300-ლარიან დახმარებაზე, დახმარებას მაინც მიიღებს. პრემიერის თქმით, დოკუმენტაცია ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე 80 ათასმა ადამიანმა ვერ შეავსო, მაგრამ პროგრამის დასასრულს მათ ეს თანხა მაინც ჩაერიცხებათ.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი მიმართულებით დახმარების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც ბავშვებს შეეხებათ. მისი თქმით, ყველა ბავშვი ერთჯერადად 200 ლარს სასწავლო წლის დაწყებისას მიიღებს.

„საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია აგრეთვე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაპირდა, რომ სახელმწიფო 1 სემესტრის თანხას მთლიანად გადაუხდის

„ყველა სტუდენტი რომელიც სოციალურად დაუცველია და აქვს 150-ქულამდე, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 1 სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წლის სრულ ანაზღაურებას და ამასთან ერთად ყველა სტუდენტი, რომელსაც აქვთ 150 000-ქულამდე და შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე მთავრობას საარჩევნოდ ხალხის გულის მოგების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს აქამდეც ჰქონდა დახმარებისთვის სამყოფი თანხა, რომლის გაცემა შეგნებულად გააჭიანურა.


„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს.

მთავრობამ ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. ახლა, გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ცნობის გარეშე დაარიგონ ეს ფული. ამას ვითხოვდით მაშინ, როცა ადამიანები კარანტინის პირობებში უმძიმეს ვითარებაში იყვნენ ჩავარდნილები. მხოლოდ ახლა გაახსენდათ. ამით ორ მიზანს აღწევენ-წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას.

ვერავის მოისყიდიან 300 ლარით. ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება. ყველა მიხვდება ამ დამცინავ საქციელს როცა ხალხს უჭირდა არაფერი გაიმეტეს, ახლა გახდნენ ხელგაშლილები“, – წერს რომან გოცირიძე.

თავის მხრივ არჩევნებსა და დაანონსებულ დახმარებას შორის კავშირს უარყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით,  ქვეყანა შედის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება აუცილებელია.

„ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში, ბავშვების დახმარება“, – ამბობს გიორგი გახარია.

როგორც ცნობილია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა, კონკრეტული დღე ჯერ გამოცხადებული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button