კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხე”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყებების მიერ მედიის წარმომადგენლების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარების ფაქტებთან დაკავშირებით, რა დროსაც ჟურნალისტებს მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში ნახსენები წყაროს ვინაობის შესახებ ეკითხებიან, განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავი ორგანოების ასეთი ქმედებებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, რაც ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

ორგანიზაციის განცხადებით, 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა.

TI აღნიშნავს, რომ სიუჟეტის მიხედვით, ბაჩალიაშვილმა, რომელიც პროგრამისტი იყო, გახსნა საიდუმლო ფაილები, სადაც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატები ინახებოდა. ჟურნალისტთან საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა, მათ შორის, ამ სიუჟეტში გასული დეტალების წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იმავე მოტივით დაიბარეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო.

“არხისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შაქარაშვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ ავთანდილ ბილანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც არხის ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელია.

ასევე, „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები, – ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. კითხვები ინფორმაციის წყაროს შესახებ, ამ შემთხვევაშიც დაისვა.

“სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის მიერ გაბუნიას განზრახ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულს, სინამდვილეში, ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებებში დაბარებულ არც ერთ ჟურნალისტს წყაროს ვინაობა არ გაუთქვამს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

TI მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს:

“შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი საშიშროებასაც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება.” – აცხადებენ ორგანიზაციაში

მსგავსი პოსტები

Back to top button