fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ბაჩანას გამოძიება” და ჩხრეკა ZAG-ის თანამშრომელთა სახლებში

416

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში, უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ.

“გრძელდება “ბაჩანას გამოძიება” …ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ, არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა?” – ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრად გაეცნო, აცხადებს, რომ კომპანია “ზეგ”, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ასრულებდა ისეთი დამკვეთის დავალებებს, რომელიც არაკანონიერი ვიდეოკონტენტის წარმოებით და გადაყიდვით არის დაკავებული.

მისი თქმით, შესაძლოა თამარმა სწორედ ამიტომ შეიძინა ელექტროშოკი, რომ ის წააწყდა უკანონობას სამსახურში.

“თუკი თამარს არ ჰქონია პრობლემა და კონფლიქტი სამსახურში, მაშინ რატომ უნდა ეყიდა მას ელექტროშოკი? მე ჩვენებაშიც მივეცი ეს ინფორმაცია, რაც არის სისხლის სამართლის საქმე და ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან აქ არის, როგორც კომპანია “ზეგის”, ასევე, გამოძიების ინტერესი. მე ვამბობ, რომ ეს ბიზნესი, რაზეც ეს კომპანია მუშაობს და ვის დაკვეთასაც ეს კომპანია ასრულებს (clipsforsale), არ არის თავსებადი ქართულ მენტალიტეტთან. ეს კომპანია მუშაობს პორნოგრაფიულ ვიდეოკონტენტზე, რომელიც არის პორნოგრაფიული შინაარსის.” – აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

ზემოაღნიშნულ ბრალდებას კომპანია “ZAG”-ის მენეჯმენტი გამოეხმაურა. “პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ.” – ამის შესახებ ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემა “მთავარი აქცენტებში” ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია.

“ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას…და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს… ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც, ყველანაირად ლეგალურია. ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული.” – აცხადებს თამარ კობერიძე.

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების თქმით, მათ იცოდნენ, რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს. ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან იობაშვილი
ამბობს: “Facebook-ის შემქმნელს ხომ არ აინტერესებს, თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი? აი, ზუსტად იგივე მაგალითია…”

ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნების მიმართ, სხვა ეჭვებიც აქვს კომპანია ZAG-ის ადვოკატს. “აღმოჩნდა,რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩანა ლობჟანიძე მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში.” – ამის შესახებ ქეთევან მირიანაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

“ადამიანი, რომელიც გამოჩნდა გუშინ. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მონაწილეობას იღებდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში. მისული იყო სამხარაულში ექსპერტიზაში, როგორც სპეციალისტი. უბრალოდ, მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც არის საქმეში მოწმის სტატუსით, რანაირად ხდება, რომ ექსპერტიზის ბიუროში მიდის და ელემენტარულად, შემხებლობა აქვს, რამენაირი ფორმით, ნებისმიერი სტატუსით. იმ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის და ყველას მიმართ.” – აცხადებს ქეთევან მირიანაშვილი.

კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო.

კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ.

პარალელურად კი, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი