fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი ახალქალაქში

169

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში გუშინ, რვა აგვისტოს მოკლულ 27 წლის ბიჭს გლოვობენ. მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს გულიკამიდან ახალქალაქში ახალგაზრდები სასტუმრო „არტსეგის“ მეპატრონის, ა.გ–ს მოთხოვნის შემდეგ ჩავიდნენ. სახლების და სასტუმროს გადაწვა კი, მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა გაირკვა, რომ ა.გ.–მ მათი მეგობარი მოკლა.

ვინც “სამხრეთის კარიბჭეს” ინტერვიუზე დათანხმდა, განაცხადა, რომ სასტუმროს მეპატრონის შვილსა და გულიკამელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო და პერიოდულად, მწვავდებოდა ხოლმე.

„სასტუმროს გარდა, იმ ოჯახს კაზინო და კიდევ ძალიან ბევრი ობიექტი აქვს. ერთ–ერთი ჩხუბი სწორედ კაზინოში მოხდა. როგორც ჩანს, ა.გ.–ს არ სიამოვნებდა გულიკამელების კაზინოში ყოფნა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა–ხოლმე. ამის გარდა, ჩხუბი კიდევ მოუვიდათ სასტუმროს დაჯავშნის ამბავზეც. ხშირად იყო კონფლიქტი, მაგრამ არ მეგონა, საქმე მკვლელობამდე თუ მივიდოდა.” – ამბობს ადგილობრივი მნაცაკან აივაზიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროს მეპატრონის შვილმა, ა.გ.–მ გულიკამელები საქმის გასარჩევად, ახალქალაქში დაიბარა.

გულიკამში მცხოვრები ნურა ქოსიანი იხსენებს, რომ რვა აგვისტოს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ახალქალაქში ორჯერ წავიდნენ: „დილით მთელი ახალგაზრდობა გაიკრიფა, პირველ საათზე ყველა უკან დაბრუნდა. საღამოს ისევ წავიდნენ და მერე ეს ამბავი გავიგეთ. რა მოხდა, არ ვიცით. გარდაცვლილი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, ქორწილის გადახდას აპირებდნენ. ორსულადაა მისი მეუღლე.”

როგორც გულიკამელები ამბობენ, ახალქალაქში სახლების გადაწვის მიზეზი 27 წლის ბიჭის მკვლეობა გახდა. „დაიბარა სოფლის ახალგაზრდები და ჩამოდით, თქვენთან საქმე მაქვსო. ა.გ.–ს უნდა დაერტყა პირველი, ვ.მ.–მ აიცილა და თვითონ დაასწრო. ა.გ.–მ იარაღი ამოიღო და გულში ესროლა. ამის გამო, გააგრესიულდა ხალხი და წავიდა სახლების დასარბევად. მკვლელობის შემდეგ, ა.გ. იმ ადგილზე აღარ იყო. როგორც ჩანს, პოლიციამ მალევე აიყვანა.” – ჰყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამწვარი სახლებიდან, ორი სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი, – სასტუმროს მეპატრონის.

ინციდენტში მონაწილე პირებმა ახალქალაქში მცხოვრები ზარანიანების სახლის გარდა, მათი ჯიხურიც დაწვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი აქ თევზს ჰყიდდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ა.გ. მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი. ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა. ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი