fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა წინა ხელისუფლების კრიტიკით – „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ქადაგიშვილი დაასახელა

359

თელავში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა ირაკლი ქადაგიშვილს ასახელებს. პარტიის წარმომადგენლების გარდა, წარდგენას მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

თელავში ჩავიდნენ თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელმაც გახსნა კიდეც მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა.

კალაძემ კვლავ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა, გააკრიტიკა წინა ხელისუფლება და განაცხადა, რომ „წინა ხელისუფლება კახელ გლეხს ვაზის გაჩეხვას აიძულებდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ კი გლეხის შრომას ფასი დაუბრუნა“. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მოურნეობის ასაღორძინებლად ბევრი რამე გააკეთა და შეცვალა უკეთესობისკენ.

კალაძის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ კახეთში 2012 წელს 52 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი იყო, 2019 წელს კი მოსავლის მოცულობა 278 ათას ტონამდე გაიზარდა. „5-ჯერ მეტი მოსავლის მიღება ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი“, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ კახეთში გასაკეთებელ საქმეებზეც ილაპარაკა, რომელიც მისი თქმით, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად უნდა გაკეთდეს.

მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ასევე 2012 წლის არჩევნებზე და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე ილაპარაკა.

„მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მკვლელი, მოძალადე და მჩაგვრელი სისტემა“, – ამბობს თავდაცვის მინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, ხალხი თუ დაივიწყებს წარსულს, შეიძლება კვლავ დადგება იმის საფრთხე, რომელიც 12 წლის წინ იყო.  ღარიბაშვილმა აგრეთვე 2008 წლის ომის დაწყება-შედეგებში კვლავ საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მაშინდელი მმართველი ძალა არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ზოგადად პოლიტიკაში დარჩენას. „ბიძინა ივანიშვილმა ღირსება დაუბრუნა ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ქადაგიშვილის წარდგენისას.

დასასრულ, ირაკლი ქადაგიშვილმა მადლობა გადაუხადა ნდობისთვის პარტიის ლიდერებს და პირობა დადო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს არჩევნებში.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპოდენტის ხათუნა გულიაშვილის პირდაპირ ჩართვას ახალ ამბებში, რომელიც დღეს დილიდან თელავში პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ესწრება

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი