Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქართული კლუბების მეტოქეები UEFA-ს ტურნირებზე

128

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა. მასში საქართველოს ოთხმა კლუბმაც მიიღო მონაწილეობა და უკვე ცნობილია, რომელ მეტოქეებთან შეხვედრებით გახსნიან ისინი ევროსეზონს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროტურნირების საწყის ეტაპებზე, COVID-19-ისგან შექმნილი პრობლემების გამო, აღარ გაიმართება ორრაუნდიანი ბრძოლები და მომდევნო ეტაპის საგზურს გუნდები თითო შეხვედრით მოიპოვებენ.

უმთავრეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ეროვნული ლიგიდან „დინამო თბილისი“ ითამაშებს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, პირველ მეტოქედ, ალბანეთის „ტირანა“ ერგო და მასთან 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ ითამაშებს. უკვე ისიც ცნობილია, რომ „ტირანას“ ძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის „ევროპის“ წყვილიდან გასულს შეხვდება.

ევროპა ლიგაზე გამოვლენ ბათუმის „დინამო“, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „საბურთალო“. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ თამაშის უპირატესობა, წილისყრამ მათგან მხოლოდ „ლოკომოტივს“ მიანიჭა, რომელიც 27 აგვისტოს რუმინეთის „უნივერსიტატეა კრაიოვას“ უმასპინძლებს. იმავე დღეს, ბათუმის „დინამო“ ისრაელში შეხვდება „ჰაპოელ ბეერ შევას“, ხოლო „საბურთალო“ კვიპროსში, – „აპოლონს“.

ერთრაუნდიანი დაპირისპირების ფრედ დასრულების შემთხვევაში, დაინიშნება დამატებითი დრო და პენალტების სერია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი