fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აზერბაიჯანული გაზი, საქართველოს გავლით, – ევროპაში

221

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება.

„ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებულად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – „TAP“.

“მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანის ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უკვე მოხდება ევროპულ სივრცეში. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში.

“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.” – განაცხადა ალიევმა.

ალიევის განცხადებით, „შაჰდენიზის“ საბადო, აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს, ბუნებრივი აირით, სულ მცირე, კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს.

„ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.

“თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც, – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში.” – აღნიშნა ალიევმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი