fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

IRI-ს მორიგი კვლევა – გამოქვეყნებულ შედეგებში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარ შანსებს ხედავს

201

12 აგვისტოს ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგები. კითხვარი რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა და ხალხის განწყობას სწავლობდა.

IRI-მ კვლევები 2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში ჩაატარა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 18 წლის და მეტი ასაკის, 1 500 რესპონდენტი. კვლევის ავტორების თქმით, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,5%-ია.

ეკონომიკური სიტუაცია 82%-ის აზრით გაუარესდა

გამოკითხული რესპოდენტების 82% მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში ეკონომიკურ სიტუაცია გაუარესდა. ამასთან, მათი 42% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა, ხოლო 40%-ის აზრით, ძალიან გაუარესდა. გამოკითხულთა 15%-ის აზრით კი ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელია.

როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, გამოკითხული მოსახლეობის 79% კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. მათგან, 41% ძალიან კმაყოფილია, 38% კი ნაწილობრივ. რაც შეეხება უკმაყოფილებას, 13% ამბობს, რომ ნაწილობრივ უკმაყოფილია.

ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% კმაყოფილია პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამებითაც. მათგან, 21% ძალიან კმაყოფილია, ხოლო 37% – ნაწილობრივ.

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს მიაჩნია, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ეფექტიანად იმუშავა. გამოკითხულთა 91%-ის აზრით, ეფექტიანად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო, 81%-ს კი მიაჩნია რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის მუშაობა იყო ეფექტიანი.

რაც შეეხება შეკითხვას – რა არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, თუკი ასეთი არსებობს, გამოკითხულთა 25% სწორედ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლას ასახელებს. საინტერესოა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 32%-მა, 15%-მა კი უპასუხა, რომ მთავრობის თავარი მიღწევა „არაფერია“.

გამოკითხულთა 7% მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 3% – სიტყვის თავისუფლებას, ხოლო გამოკითხულთა 2-2%-ს მთავრობის მთავარ მიღწევად მიაჩნია ინფრასტრუქტურა, დემოკრატია და სტაბილურობა.

რადგან კვლევა პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩატარდა, ლოგიკურია შეკითხვა – რომელ უცხო ქვეყანას დაასახელებთ, ვინც საქართველოს ყველაზე მეტად დაეხმარა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ამ კითხვაზე გამოკითხულთა 47%-მა ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა, ჩინეთი 6%-მა, ევროკავშირი 4%-მა, 1-1% გერმანია და თურქეთი, ხოლო 3%-ს მიაჩნია რომ საქართველოს „სხვა ქვეყანა“ დაეხმარა. გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ საქართველოს არავინ დახმარებია, 23%-მა პროცენტმა კი ამ კითხვას პასუხი არ გასცა.

პოლიტიკურ პარტიებში „ოცნება“ ლიდერობს, პიროვნებებში პატრიარქი

კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს“, გამოკითხულთა 33% ქართულ ოცნებას ასახელებს, 16% ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობს მისცემდა, 5%-მა ევროპული საქართველო დაასახელა, 3-3% მხარდაჭერა აღმოაჩნდათ სტრატეგია აღმაშენებელს და პატრიოტთა ალიანსს. 2-2% მხარდაჭერა აქვთ ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს, გირჩს. გამოკითხულთა 1-1%იანი მხარდაჭერა აქვთ დემოკრატიული მოძრაობა – გაერთიანებულ საქართველოს, გამარჯვებული საქართველოსთვის. ასევე 1%-მა უპასუხა რომ მხარს უჭერს „სხვას“ და ასევე 1% ამბობს, რომ მხარს არავისაც არ უჭერს.

გამოკითხულთა 17%-მა არ იცის ხმას ვის მისცემს, ხოლო 11% პასუხზე უარს ამბობს.

ასევე, კითხვის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასურველი პარტია არ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, გამოკითხულთა 2%-სთვის მეორე არჩევანი იქნებოდა ქართული ოცნება, 4%-სთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 6%-ისთვის ევროპული საქართველო. 52%-მა არ იცის, ხოლო 11% თავს იკავებს პასუხისგან.

ამ კვლევის მიხედვით, ოცნება კი არის ლიდერი, მაგრამ თეორიულად, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა თუკი გაერთიანებული ძალით დაუპირისპირდება მმართველ ძალას, მაშინ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. მართალია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და 31 ოქტომბრამდე როგორ შეიცვლება განწყობები ხალხში, რთული სავარაუდოა, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „ოცნების“ დამარცხების რეალურ შესაძლებლობაზე აკეთებენ განცხადებებს.

მსგავს კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა პიროვნებების რეიტინგი. აღნიშნული კვლევით, ყველაზე მაღალი, 89%-იანი მხარდაჭერა აქვს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მისი უარყოფითი რეიტინგი მხოლოდ 6%-ია.

Covid 19-ის პანდემიამ ნამდვილად პოპულარული გახადა და პიროვნებების რეიტინგში მხოლოდ პატრიარქს ჩამორჩა ამირან გამყრელიძე. მას 74% აფასებს დადებითად, უარყოფითად კი 17%.

მესამე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 63%-იანი დადებითი და 31%-იანი უარყოფითი რეიტინგით.

მეოთხე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე 57%-იანი დადებითი და 37%-იანი უარყოფითი რეიტინგით.

მეხუთე ადგილზეა ბოლო წლებში ტრადიციულად ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი, ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე 53%-იანი დადებითი და 40%-იანი უარყოფითი რეიტინგით.

მეექვსე ადგილზეა შალვა ნათელაშვილი 42%-იანი დადებითი და 51%-იანი უარყოფითი რეიტინგით.

მეშვიდე პოზიციაზეა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიმართ მხარდაჭერა სიმბოლური რიცხვი, 41%-ია, ხოლო მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი გამოკითხულთა 51%.

მერვე პოზიციაზეა გრიგოლ ვაშაძე ასევე 41%-იანი მხარდაჭერით, თუმცა უარყოფითი რეიტინგი 52% აქვს.

მეცხრე ადგილზეა გიორგი ვაშაძე, რომელსაც 40% უჭერს მხარს, უარყოფითად აფასებს 50%.

მეათე პოზიციაზეა დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 37%-იანი მხარდაჭერით და 50%-იანი უარყოფითი რეიტინგით.

რაც შეეხება ათეულს მიღმა არსებულ პიროვნებებს, მეთერთმეტე პოზიციაზეა ნიკა მელია 36%-ით.

მეთორმეტეა ალეკო ელისაშვილი 34%-ით.

მეცამეტე ადგილზეა ასევე 34%-იანი მხარდაჭერით და ელისაშვილზე უფრო უარესი უარყოფითი რეიტინგით არჩილ თალაკვაძე.

მეთოთხმეტე ადგილზეა გიგი უგულავა 32%-იანი მხარდაჭერით.

მეთხუთმეტე ადგილზეა ასევე 32%-იანი და უგულავასთან შედარებით უფრო მაღალი უარყოფითი რეიტინგით სალომე ზურაბიშვილი.

მეთექვსმეტე ადგილზეა ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის მხარდაჭერაც 30%-ია.

მეჩვიდმეტე პოზიციაზეა ირმა ინაშვილი 28%-იანი რეიტინგით.

მეთვრამეტე ადგილზეა მამუკა ხაზარაძე 27%-ით.

მეცხრამეტეა ნინო ბურჯანაძე 25%-ით.

მეოცე ადგილზეა ეკა ბესელია 17%-ით.

ოცდამეერთეა ბადრი ჯაფარიძე 14%-ით და ოცდამეორე ადგილზეა ზურა ჯაფარიძე 13%-იანი რეიტინგით.

 

შეფასებები – შედეგებში მმართველი ძალაც და ოპოზიციაც საკუთარ შანსს ხედავს

როგორც წესი, მსგავსი რეიტინგების გამოქვეყნებას ყოველთვის ახლავს განსხვავებული აღქმა და მიღებულ შედეგში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა სათავისო შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე ტრადიციული მიდგომაა, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი უნდობლობას უცხადებს კვლევას და მას რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ მანიპულაციებით მიღებულ შედეგად მიიჩნევს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ კვლევის მიხედვით ოპოზიციას გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევა აჩვენებს, რომ თუ არჩევნების შემდგომ, ოპოზიციას კოალიციური გაერთიანება დასჭირდება, მთავარი მოთამაშე ამ კოალიციურ გაერთიანებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ამასთან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევა ფაქტობრივად აჩვენებს, რომ ოპოზიციას ჯამში აქვს ძალიან მაღალი შანსები და ალბათობა იმის, რომ გაერთიანებული ძალებით დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

კვლევას ტრადიციულად უნდობლობას უცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი. ირმა ინაშვილი აპირებს მტკიცებულებების წარმოდგენას, სადაც დაადასტურებს როგორ ცრუობს არა მარტო IRI, არამედ ყველა სხვა ე.წ. კვლევითი ორგანიზაცია, იქნება ეს „გორბი“, „ედისონ რისერჩი“, თუ სხვა.

მიუხედავად „ოცნების“ ლიდერობისა კვლევის შედეგებში, მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე.

„კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი, ყალბ მონაცემებს დებენ“, – ამბობს მდინარაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იცოდნენ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები.

„თუ ეს არის, მაგალითად IPM, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, ევროპულ საქართველოს, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები”, — აცხადებს მდინარაძე. როგორც მდინარაძე ამბობს, მიუხედავად ყველაფრისა აღნიშნულ კვლავაშიც კი ჩანს, რომ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია.

დასასრულ, კვლევის კიდევ ერთ მიმართულებას შევეხოთ. ალბათ ასევე საინტერესოა ხალხის განწყობა თუ რომელ ტელევიზიას ენდობიან. კვლევაში მონაწილეთა 40% ასახელებს „იმედს“, 16% კი „მთავარ არხს“, მესამე ადგილზეა „რუსთავი 2“ 14%-ით, ხოლო მეოთხეზე „ტვ პირველი“ 8%-ით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ინფორმაციის პირველწყაროდ, მხოლოდ გამოკითხულთა 2% მიიჩნევს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი