მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“ყველაფერი იქით მიდის, რომ ჰააგაში პროცესს წავაგებთ”

„საერთაშორისო სამართლიანობის“ (Justice International) აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ, შესაძლოა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავა წააგოს.

როგორც ჯეირანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მიზეზი საკითხის მიმართ უყურადღებობა და მხარდაჭერის არარსებობაა.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი იქით მიდის, რომ წავაგებთ ამ პროცესს. მიზეზი ბევრია, თუმცა უმთავრესი მაინც ინტერესის ნაკლებობაა, მარტივად რომ ვთქვათ – არ გვაინტერესებს და არასერიოზულად ვუდგებით. სხვაგვარად აუხსნელია როგორ შეიძლება ასეთმა საქვეყნო მნიშვნელობის პროცესმა მხოლოდ 1-2 ადამიანზე გადაიაროს. მე-5 წელია უკვე ასეა და საბოლოოდ ეს ადამიანებიც გამოვეთიშებით პროცესებს, რადგან ამ საქმიანობის მხარდაჭერა არავის უნდა.

“რაში გამოიხატება წაგება – არ დამტკიცდება რუსების მიერ დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად არ გაიცემა რუსი სამხედრო/პოლიტიკოსი/სამოქალაქო პირების მიმართ დაკავების ორდერები.

“ანუ არც დამნაშავეების სასამართლოსთვის გადაცემა მოხდება, არც გამამტყუნებელი განაჩენები დადგება და არც დაზარალებულთა რეპარაციები გაიცემა.

“რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ ქართველებს არ შეეხებიან, ანუ არც ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ გაიცემა ორდერები. ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში ასეა.

“რაც მნიშვენლოვანია და რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ოსების წინააღმდეგ გაიცეს ღია დაკავების ორდერები.

“შემდეგ წელს დასრულდება გამოძიება, სამწუხაროდ მაგ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია უკვე გამოთიშული იქნება პროცესებისგან. სამწუხაროა, რომ არ გვეყოლება იურისტთა გუნდი, რომელიც შეძლებს დაზარალებულთა ინტერესების დაცვას და სასამართლოში ოფიციალურ წარმომადგენლობას.

“რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის წინა კვირის ლაივს ჰააგის სასამართლოდან და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. ამაზე მოკლედ გეტყვით, რომ მიმდინარე პროცესებზე ამას არანაირი გავლენა არ ექნება. მსგავსი ქმედება კარგი იქნებოდა 2-3 წლის წინ, თუმცა ეხლა უკვე დაგვიანებულია, რადგან მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა უკვე გადაწყვეტილია (იხ. 2-3 პუნქტები). მაინც დასაფასებელია, რომ სხვებისგან განსხვავებით ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს ამ საკითხით დაინტერესებას, თუმცა როგორც ავღნიშნე, უკან მიდევნებული ლამპარივითაა და რეალურ ეფექტს ვერ მოიტანს.” – წერს ჯეირანაშვილი.

https://www.facebook.com/nika.jeiranashvili/posts/10157120789767455

შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button