კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მოულოდნელად მიბრუნდა და მე-4 სართულიდან გადახტა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, კარანტინში მყოფი პირის სასტუმროდან გადახტომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით მეგობართან ერთად იმყოფებოდა და “გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო”, “ის გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად”.

“კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები. გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას.” — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, წესრიგის დაცვისკენ მოქალაქეს დაცვის პოლიციისა და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა და სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ფოტო პირობითია

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

“სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.” — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული ამ დროისთვის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

უწყებაში იმასაც ამბობე, რომ საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია დაშავებულის პირადი ნივთები. შსს-ს ცნობით, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირი მე-4 სართულის ფანჯრიდან სასტუმროს შიდა ეზოში გადახტა. იგი დაშავდა და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაშავებულის ცოლი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. იგი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის პრობლემები არასდროს ჰქონია და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button