fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა”

230

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღის განმავლობაში თეთრიწყაროს ტყესთან იდგა, სრული სიცრუეა.

ადვოკატის თქმით, სოფლის მცხოვრებლებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, რომლის ვიდეო ჩანაწერებითაც მტკიცდება, რომ მანქანა 5 დღე იქ არ იდგა.

მიხეილ რამიშვილი

„გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი, რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის ძალიან დიდი სიცრუე და შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა და მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ, შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა 3 დღის ჩანაწერი, თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს.” – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

“უკვე, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის.” – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო.

თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმე აქვთ მაღალი თანამდებობის პირებთან, რომლებიც ბაჩალიაშვილის საქმიდან გამომდინარე, თეთრიწყაროს მცხოვრებლებსაც ატერორებენ.

თეონა თამაზაშვილი

„21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი, რომ ყოფილიყო, აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. ჩვეულებრივი ადამიანი ყველას ვერ დააშინებს, არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად აშინებენ და ქვეყანაში, სადაც მიუწვდებათ ხელი, ყველაფერს იყენებენ.” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე სამსახურთან კავშირში არ არის.

თამარ ბაჩალიაშვილი

„უკვე 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურთან კავშირში არ არის, რადგან სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება, თამარის ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე და არა ერთ დღეს, სპონტანურად. თამარს ორშაბათს კომპიუტერი უკვე სამსახურში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება იმიტომ გადაწყდა შაბათს, რომ არ დაბრუნებულიყო კომპიტერი და აღმოჩენილიყო მათ ხელში. კომპიუტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაიკარგა.” – აცხადებს თეონა ბაჩალიაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი