Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სად გაქრა თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი 4.5 მილიონი ლარი

წლების წინ დაწყებული პროექტი გაუგებარი მიზეზებით არ შესრულდა

550

თელავში სასმელი წყლის გრაფიკი და ხარისხი რამდენიმე ათეული წელია გადაუჭრელი პრობლემაა, ხელისუფლებებთან ერთად იცვლებოდნენ წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული თუ ქალაქის მენეჯერები, და ყოველი მათგანი მოსახლეობას 24 საათიან გრაფიკს ჰპირდებოდა, პარალელურ რეჟიმში კი მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებდა და დღემდე აპროტესტებს. რადიო ჰერეთმა გადაწყვიტა, თელავის 24 საათიანი წყალმომარაგების დაპირების ქრონოლოგია გაგაცნოთ.

2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონუlი მენეჯერი ფარნა მაყაშვილი აცხადებდა, რომ თელავის მოსახლეობის 70%-ს სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში უკვე მიეწედობოდა და დარჩენილი 30% იგივე სერვისს ქალაქის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მიღებდა. თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მრავალსართულიან კორპუსებში ცხოვრობდა და ცხოვრობს, რადიო ჰერეთთან აცხადებენ, რომ სასმელი წყალი თელავში 24 საათიანი გრაფიკით არასოდეს მოდიოდა.

„მე არასოდეს მიცხოვრია საერთო ბინაში, მაგრამ 24 საათიანი წყალმომარაგება თელავში არც მრავალსართულიან კორპუსების და არც კერძო ბინების მაცხოვრებლებს კომუნისტების შემდეგ არ გვქონია“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან საუბრისას თელაველმა გივი მაისურაძემ.

2013 წელს გაერთიანებლი წყალმომარაგების რეგიონული მენეჯერი  ფარნა მაყაშვილი აღნიშნულ პოსტზე ალექსანდრე შათირიშვილმა შეცვალა, რომელიც 2011 წლიდან იგივე კომპანიის თელავის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა (იყო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ახლა კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრია). მისი თქმით, შათირიშვილის მთავარ მიზანს კახეთის რეგიონის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანა წარმოადგენდა, მის მიერ 2013 წელს მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, კონკრეტულად თელავში აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზას ქალაქის გამრიცხველიანება წარმოადგენდა. გამრიცხველიანების პროცესი კი 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დაპირება დღემდე დაპირებად დარჩა.

2014 წელს, მაშინ, როცა კახეთის გუბერნატორად ამჟამინდელი პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა, მისი პირველი დაპირება,  ქალაქ თელავისთვის სასმელი წყლის 24 საათიანი გრაფიკით მიწოდება იყო. მისი თქმით, მხოლოდ 2014 წელს წყალმომარაგების სისტემის აღსადგენად 4 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო. აღნიშნული პროექტი 2015 წელს დაიწყო და როგორც მაშინდელი ქალაქ თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე აცხადებდა, აღნიშნული პროექტი ორ ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპის ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენდა. პროექტის განხორციელება კომპანია სოკარმა დაიწყო და ის 22 თვეში უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც ქალაქს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით ექნებოდა. მოგვიანებით, სოკარმა პირობები დაარღვია და პროექტი არ დაასრულა. საკრებულოს მაშინდელი ოპოზიციონერი წევრი და ფრაქცია ძლიერი თელავის თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი სოკარის წარმომადგენლობასთან, საკრებულოს ფორმატში შეხვედრას ითხოვდა. როგორც ვარდოშვილი რადიო ჰერეთთან იხსენებს, შეხვედრა შედგა და ის აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის დროს გადათხრილი გზის საფარის აღდგენას ეხებოდა.

„ერთხელ შევხვდით სოკარის წარმომადგენლებს, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. გზის საფარის დიდი ნაწილი, რომლის აღდგენაც პროექტის მიხედვით სოკარს უნდა მოეხდინა, დღემდე დაზიანებულია და წყალმომარაგების კუთხითაც ქალაქში არაფერი შეცვლილა. აქედანნ გამომდინარე ვფიქრობ, რომ სოკარს და ხელისუფლებას შორის კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. სხვანაირად უბრალოდ გაუგებარია, რომ კომპანია, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, პასუხი არავინ მოსთხოვა“, – განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა რადიო ჰერეთთან საუბარში.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რადიო ჰერეთთან დღეს აცხადებენ, რომ საკრებულოს არ აქვს რაიმე ბერკეტი, რომლითაც კომპანია სოკარს საკრებულო კანონიერად მოსთხოვდა სამუშაოების ვადაში დასრულებას ან რაიმე ტიპის სანქციებს დაუწესებდა მას.

„საკრებულოს არ აქვს რაიმე იურიდიული ბერკეტი, რომ სოკარისთვის პასუხი მოეთხოვა. აღნიშნული კომპანია არ არის ჩვენი კონტრაქტორი. ამ საკითხზე ალბათ უფრო თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ“, – ასე უპასუხა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნიკოლოზ ესიტაშვილმა რადიო ჰერეთის მიერ დასმულ შეკითხვას.

რადიო ჰერეთი აღნიშნულ საკითხზე თელავის მერიასაც დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ 2015-2016 წლებში მათ კომპანიას, რომელიც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახდენდა, ოფიციალური მიმართვა რამოდენიმეჯერ გაუგზავნეს, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული კომპანია არ ყოფილა მერიის კონტრაქტორი, კონტროლის მეტი მექანიზმი არც მერიას გააჩნია. აღნიშნულის შესახებ რადიო ჰერეთს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა განუცხადა.

„2015 – 2016 წლებში ჩვენ რამოდენიმეჯერ მივწერეთ კომპანია სოკარს, ჩვენი წერილები ძირითადად დაზიანებული გზის საფარის აღდგენას ეხებოდა. რადგან კომპანიია არ იყო ჩვენი კონტრაქტორი, მის მიმართ სამართლებრივი წარმოების დაწყება არ შეგვეძლო. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ თანხა, რომელიც ამ პროექტისთვის დაიხარჯა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ყოფილა. ეს ცენტრალური ხელისუფლების სუბსიდია იყო და შესაბამისად, კონტრაქტორი ორგანიზაციაც იქ უნდა მოძებნოთ“, – გვითხრა ქსოვრელიშვილმა.

ჩვენ ასევე ვცადეთ დავკავშირებოდით თელავის ყოფილ მერს და ამჟამად კახეთის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძეს. რადიო ჰერეთმა მას შესაბამისი კითხვებიც გაუგზავნა რათა გაგვერკვია ვინ იყო სოკარის კონტრაქტორი და ვის შეეძლო კომპანიისთვის დახარჯულ 4,500,000 ლარზე პასუხი მოეთხოვა, თუმცა, პლატონ კალმახელიძემ ჩვენ კითხვებს არ უპასუხა. კითხვარის გაგზავნიდან ორი დღის შემდეგ, პლტონ კალმახელიძემ მოგვწერა, რომ დაკავებული იყო და უახლოეს პერიოდში დაგვიკავშირდებოდა. მიუხედავად დამატებითი შეთავაზების, რომ მას ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინების სახით გაეცა კითხვებზე პასუხი, კიდევ 48 საათის განმავლობაში მან ჩვენ კითხვებს არ უპასუხა.

აღნიშნულ თემაზე რადიო ჰერეთის მიერ გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხეს არც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც ჩვენ მიერ ორდღიანი კომუნიკაციის მცდელობის შემდეგ გვთხოვეს, რომ კითხვები ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა. უახლოეს მომავალში, თუკი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გასცემს პასუხს კითხვას თუ ვინ არის სოკარის კონტრაქტორი და რაში დაიხარჯა 4 500 000 ლარი, რადიო ჰერეთი მათ პოზიციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია თელავში სასმელი წყლის სისტემის სარემონტო სამუშაოებს და გამრიცხველიანებას კიდევ ერთხელ მიმდინარე წელს განახორციელებს, აღნიშნული სამუშაოები კი სახელმწიფოს სავარაუდოდ კვლავ რამდენიმე მილიონი დაუჯდება.

ერეკლე ცოცანიძე

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი