დეპუტატის ორი მანდატისათვის კახეთში ოთხი ყოფილი გუბერნატორი იბრძოლებს
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკება ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებით დასრულდა და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე შემცირდა. ცვლილების თანახმად, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის
მოსახლეობას პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეული მხოლოდ ორი წარმომადგენელი ეყოლება.
რეგიონი, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხისა და საგარეჯო-გურჯაანი, დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებულ ოლქებად გაიყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიები ახალი სახეების ავანსცენაზე გამოყვანას მოერიდნენ. პარტიებს შორის შეთანხმება-შეუთანხმებლობის თუ მმართველ ელიტაში არსებული ძლიერი კონკურენციის პირობებში კანდიდატები საბოლოოდ გამოიკვეთა.
პარლამენტის დეპუტატის ორი მანდატისათვის კახეთში ერთმანეთს ოთხი ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და ყოფილი გუბერნატორის ვაჟი დაუპირისპირდებიან.
არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სათადარიგო სკამი რომ გრძელი არ არის, ამას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მოქმედი გუბერნატორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების ფაქტიც ადასტურებს.
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამომრჩეველს 10 აგვისტოს წარუდგინა.
კახეთის გუბერნატორად ქადაგიშვილი 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და გია ჭანტურიას თანამებრძოლი იყო.
ქადაგიშვილის გუბერნატორობის პერიოდი, პანკისის ხეობაში განვითარებულ რთულ პროცესებსა და დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ პრობლემას მოიცავს.
ადგილობრივი ოპოზიცია კახეთის გუბერნატორს მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის მუდმივი დეფიციტის, თუშეთის მიმართულებით საბაგირო გზის და თელავში, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ბუნდოვანი დაპირებების გამო ხშირად აკრიტიკებდა.
თავად ქადაგიშვილი ოპონენტებთან პოლემიკას თითქმის არ აწარმოებდა და უმთავრესად დუმილს ამჯობინებდა.
თანამდებობის პირის დეკლარაცია ირაკლი ქადაგიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე პუნქტს მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, ყოფილი გუბერნატორი, შპს „ჯეოდილ საქართველოს“ აქციონერია, საიდანაც შემოსავალი არ მიუღია, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და 2012 წლის შემდეგ, არანაირი შენაძენი, უძრავი, ან მოძრავი ქონების სახით, მის სახელზე არ ფიქსირდება.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გაერთიანებულ ოლქში ორი კონკურენტი ჰყავს.
„ევროპული საქართველოდან“ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ყოფილი ვიცე- გუბერნატორი გიორგი ბოტკოველი იბრძოლებენ.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი საზოგადოებას „ქართლის დედის“ ძეგლის შესახებ გამოთქმული ბევრისთვის მიუღებელი მოსაზრებისა და თბილისის მერობის დროს, ისანი-სამგორის გამგებლის მიერ, მისთვის საათის ჩუქებით გამოწვეული ხმაურიანი ისტორიითაც ახსოვს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად კახეთში 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დანიშნა. იმ დროისათვის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი იყო, ხოლო გადაწყვეტილებას გუბერნატორების დანიშვნის თაობაზე, იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის საქმიანობა კახეთში ახალი ხელისუფლებისათვის გარკვეული წინააღმდეგობების შექმნით ხასიათდებოდა. იმ დროისათვის მოქმედ გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ჭიაბერაშვილი მოუწოდებდა დაკავებული თანამდებობები ვადაზე ადრე არ დაეტოვებინათ, ზეწოლისთვის გაეძლოთ და ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად საკუთარ პოსტებზე დარჩენილიყვნენ.
გუბერნატორის მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დანიშნული გამგებლები და არჩეული საკრებულოს თავმჯდომარეები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ კაპიტულაციას და თანამდებობებს ტოვებდნენ.
ჭიაბერაშვილის გუბერნატორად საქმიანობა კახეთში დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალმა ხელისუფლებამ, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გუბერნატორების დანიშვნის უფლებამოსილება, პრემიერ-მინისტრს გადასცა.
2013 წელს, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, ჭიაბერაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავეს. ერთი წლის შემდეგ, სასამართლომ ყოფილი გუბერნატორი დამნაშავედ სცნო და 50 ათასი ლარით დააჯარიმა.
შთამბეჭდავად არც ზურაბ ჭიაბერაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოიყურება. ყოფილი გუბერნატორი არ ფლობს ბიზნესს, ფასიან ქაღალდებს და ძვირადღირებულ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოკითხვებით, ქადაგიშვილის მთავარ კონკურენტად, სამაჟორიტარო ოლქში, ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ბოტკოველი სახელდება. იგი კახეთის ვიცე-გუბერნატორად 2012-2013 წლებში მუშაობდა.
ბოტკოველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ყოფილი ვიცე-გუბერნატორი მმართველი პარტიის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივი ოპონირებით გამოირჩევა. პარტიაში ის მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბოტკოველი არ ფლობს ბიზნესს, ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.
საგარეჯო-გურჯაანი-დედოფლისწყარო სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში, მმართველმა პარტიამ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის ვაჟი, დავით სონღულაშვილი წარადგინა.
სონღულაშვილის მამა კახეთის რეგიონს შევარდნაძის მმართველობისას, 1998-2003 წლებში ხელმძღვანელობდა.
დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ პირებს შორის დავით სონღულაშვილი ყველაზე შეძლებულია. სწორედ ამ მიზეზით, გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარი მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა.
თანამდებობის პირის დეკლარაციაში დავით სონღულაშვილს სოლიდური თანხების გასესხებისა და სარგებლის მიღების, ასევე რვა კომპანიაში ბიზნეს-წილების შესახებ ჰქონდა მითითებული.
კომპანიები, რომლებშიც სონღულაშვილს სხვადასხვა მოცულობის წილი აქვს, ამჟამად, სამართავად სხვა პირებზეა გადაცემული, ხოლო თანხების გასესხების ფაქტი, დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება.
დოკუმენტის თანახმად, დეპუტატი აგარაკსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს ტაბახმელასა და დაბა კოჯორში.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დავით სონღულაშვილმა კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაამარცხა, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე კვლავ იბრძოლებს და დეპუტატის მანდატის მოპოვებას „ევროპული საქართველოდან“ შეეცდება.
გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორად 2008 წელს დაინიშნა.
2012 წელს, იმჟამინდელმა მმართველმა პარტიამ, მას თანამდებობა დაატოვებინა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
სწორედ ამ არჩევნების დროს, მთავარმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, მანანა ბერიკაშვილმა, ყოფილი გუბერნატორი 9 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ღვინიაშვილის კავშირი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან არ დადასტურდა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორი, ბიზნეს-წილებსა და ფასიან ქაღლადებს არ ფლობს.
პარლამენტში ყოფნის პერიოდში, გიორგი ღვინიაშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მემკვიდრეობით აქვს მიღბული მიწის ნაკვეთი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, 10.000 ლარის შემოსავალი.
კიდევ ერთი ყოფილი გუბერნატორი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილია.
2008 წელს, კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე, ღვინიაშვილმა სწორედ ბეჟაშვილი ჩაანაცვლა.
გუბერნატორის პოსტს ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა. შემდგომში ის თბილისში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის შემდეგ, ბეჟაშვილის ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. ის არ ფლობს ბიზნესს, ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ორი ყოფილი გუბერნატორის, ბეჟაშვილისა და ღვინიაშვილის კონკურენცია, სიმბოლური გაგრძელებაა იმ ოპონირების, რომელსაც ისინი წარსულში, ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ, ერთმანეთს უწევდნენ.
განსაკუთრებული უხერხულობა მაშინ შეიქმნა, როცა ღვინიაშვილის გუბერნატორობის პირობებში, ლევან ბეჟაშვილი კახეთში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დაინიშნა.
ფორმალურად, მას 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის გამო შექმნილი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა. ამიტომ, 2017 წელს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოკერია- უგულავას გუნდის გასვლის შემდეგ ღვინიაშვილის არჩევანი ბევრს არ გაჰკვირვებია.
მაჟორიტარი დეპუტატის ორი მანდატისათვის ბრძოლა კახეთის გაერთიანებულ ოლქებში, ფაქტობრივად, დაწყებულია. ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად ექვსი კანდიდატის კონკურენციას, კახეთის რეგიონი ოქტომბერში უპასუხებს.
ხათუნა გულიაშვილი