“ვანომ გვითხრა, ნაციონალებში უნდა გადმოხვიდეთო”
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში “ევროპული საქართველოს” წევრებმა, შესაძლოა, პარტია დატოვონ და ენმ-ს რიგებს შეუერთდნენ. პარტიის წევრები აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს 16 აგვისტოს შეხვდა. მერაბიშვილმა “ევროპელებს” უთხრა, რომ პარტია დატოვონ და ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ.
„ვანო შემოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ უნდა გადმოხვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა დამიდგეთ გვერდით, მარტო ამ გზით ვხედავ გამარჯვების შანსსო. გვითხრა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ 5 ნომერზეო.“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი წარმომადგენელი.
მისივე თქით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან: „ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, გუნდური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“.
ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„იყო საუბარი, მაგრამ ის, რომ უკლებლივ ყველა გადავიდეს, ჯერ ამაზე ლაპარაკიც არაა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჯერ ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. არავინ არ წასულა.” – ამბობს დემეტრაძე.
მერაბიშვილთან შეხვედრაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოფისში ენმ-ს წევრებთან უსიამოვნო შეხვედრა ჰქონდათ, რადგან ისინი ვანოს გადაწყვეტილებითა და მათი „ძველ პარტიაში“ დაბრუნების საკითხით უკმაყოფილოები ჩანდნენ.
„შეხვედრაზე გვიან შემოვიდნენ ენმ-ს წევრები. ჩვენთან ერთად, ფაქტობრივად, არ იყვნენ. მერე შტაბის თავმჯდომარე დათო ბალიაშვილი მოვიდა და ვანოს უთხრა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საკითხისთვისაც უნდა გადაეხედათ, თუმცა ვანომ უთხრა, რომ სხვა არ განიხილებოდა.” – თქვეს პარტიაში.
ენმ-ს შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღანელმა, დავით ახალკაცმა განაცხადა, რომ მათ პარტიაში ნებისმიერი პიროვნების გადასვლას მიესალმებიან და საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის გარდა, „ევროპული საქართველოს“ სხვა შტაბების ხელმძღვანელებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პარტიაში რჩებიან და არსად გადასვლას აპირებენ.
„შეიძლება რამოდენიმე კოორდინატორი გადავიდა მათთან, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებით.” – თქვეს ადიგენის ორგანიზაციაში.
ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელმა, ბაქარ შირაძემ განაცხადა, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არც მისი შტაბის წევრები აპირებენ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები სამცხე–ჯავახეთში და გადავლენ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რამდენიმე დღეში გაირკვევა.
ვაჟა ჩიტაშვილმა 16 აგვისტოს “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მისი კანდიდატურა მაჟორიტარად, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში განიხილება. იგი კენჭს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრის.