fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება

გურამ ამირხანაშვილი
144
დავით ყაზარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს და ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

„გურამ ამირხანაშვილის მიერ ყველა ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ ამ პიროვნების მიერ. რაც შეეხება ბოლო ჩვენების გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია, გამოძიების ეტაპზე მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას.

გურამ ამირხანაშვილი, გიორგი შაქარაშვილი

ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

“რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

გურამ ამირხანაშვილი შემთხვევის ადგილზე აძლევს ჩვენებას

პროკურორის განცხადებით, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება ,,ტოიოტა ქემრის” ავტომობილში მჯდომი 5 პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ ყოფილა.

„აღნიშნული ჩვენება მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან. როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის, სასამართლოს წინაშე რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია. ერთადერთი ჩვენება ვერ გახდება ბრალდების დამძიმების და დადგენილების გამოტანის საფუძველი. შესაბამისად, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების და გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ბრალის დამძიმება არ მომხდარა. ეს მოხდა იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე არის მოპოვებული.” – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

გურამ ამირხანაშილი და ბრალდებულები

ცნობისთვის, “რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

ბექა ნემსიწვერაძე

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას არასარწმუნოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ჩვენება, რეალურად, პროკურატურის აბსურდული ვერსიის გამყარებას ემსახურება.

„რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ამირხანაშვილს აქვს მიდრეკილება, რომ ხშირად ცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია. თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი?

გურამ ამირხანაშვილი

“ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღევებული იყო. სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკურატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია და ახლა ისინი თვითონ გახდნენ მძევალი საკუთარი ვერსიის აბსურდულობის და ახლა ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ ის, რაც სჭირდება ამ ვერსიის გამყარებას და რა თქმა უნდა, ამირხანაშვილის ჩვენება არის არასარწმუნო და ის ტყუის არა პირველად.” – აცხადებს ნემსიწვერაძე.

არჩილ გაგნიძე

ადვოკატის თქმით, გაგნიძე არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში.

„ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იქ ჩავიდა, თუმცა, არანაირი შემხებლობა არ ჰქონია არც შაქარაშვილთან და არც სხვა პირებთან, გარდა ამირხანაშვილისა, რომელიც მათ ჩამოიყვანეს თბილისში და დატოვეს. იმ მანქანაში მჯდომებს არავის არანაირი შეხება, მათივე ჩვენების თანახმად და იმ პირების ჩვენების თანახმად, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არ ჰქონია.

“გამოიძიოს ეს პროკურატურამ, ვინ დაესხა თავს (შაქარაშვილს), ნაცვლად იმისა, რომ აბსურდული ვერსიები შემოგვთავაზოს და შემდეგ წარუდგინონ ბრალი იმ პირებს, ვინც რეალურად შემხებლობაშია დანაშაულთან.” – განაცხადა ნემსიწვერაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი