შსს-მ პანკისში მომხდარ ძალადობაში ბრალდებული დააკავა
რადიო ჰერეთისთვის ცნობილი გახდა, რომ შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.
საქმე ეხება 8 აგვისტოს მომხდარ ამბავს, როდესაც თბილისიდან პანკისში ჩასული მამა-შვილი, 1971 წელს დადადებული გელა წელაური და მისი არასრულწლოვანი შვილი ქუჩაში შორტებით სიარულის გამო სცემეს. ძალადობა 8 აგვისტოს მოხდა, თუმცა, ამბავი ათიოდე დღის შემდეგ გახმაურდა.
„თბილისიდან მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩამოსული, ეზოს მივხედეთ, ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდით. წასვლამდე კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო“, – მედია საშუალებებმა გელა წელაურის კომენტარი გაავრცელეს. მისი თქმით, სანამ თავად კაფეში იყო შესული, მის შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ლაპარაკი დაუწყეს.
„რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმასო“, – იხსენებს წელაური. ამის შემდეგ კი ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა და წელაურები გალახეს.
გელა წელაურს მარცხენა ხელი აქვს მოტეხილი და სახის არეში დაჟეჟილობები. მას დახმარება თბილისში, მე-5 საავადმყოფოში გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა პოლიციას მეორე დღესვე, 9 აგვისტოს მიმართა, ექსპერტიზა 10 აგვისტოს ჩაუტარეს, პოლიციამაც დაკითხა, მაგრამ პოლიციამ მხოლოდ მე-12 დღეს დააკავა ძალადობაში ბრალდებული ერთი ადამიანი. არადა, წელაურმა ადრევე დაასახელა თავდასხმაში მონაწილეები და მისი თქმით, ყველაზე მეტად სწორედ ისლამ ფარეულიძე აქტიურობდა.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიზეზით ძალადობა პანკისის ხეობაში უცხო არ არის. მაგალითად, შარშან, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მოძრაობის თეატრის მსახიობი გალახეს, რომელიც დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნაზე იყო ჩასული. პოლიციამ გამოძიება მაშინაც 126-ე მუხლით დაიწყო.