Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს, ყოფილი მეუღლის ადვოკატები კი ახალ ბრალს უყენებენ

354

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკა ბასილაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას პრესტიჟულ ცინცინატის მასტერსზე ჩაატარებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბასილაშვილი ტურში ბრუნდება, ბასილაშვილის ყოფილი ცოლის – ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ბასილაშვილს ახალ ბარლდებას უყენებენ.

როგორც ცნობილია, ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატები საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და ნიკოლოზი დაპატიმრებულიც იყო, თუმცა, 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მიუხედავად ბასილაშვილის მოწინააღმდეგეების არაერთგზის განცხადებისა, 16 ივლისს დანიშნულ სასამართლოზე ადვოკატებს არ გაუსაჯაროვებიათ რაიმე ვიდეომტკიცებულება, რაც ნიკა ბასილაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, სასამართლო აგვისტოს ბოლომდე გადაიდო. დოროყაშვილის ადვოკატმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა თავხელიძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მისი მტკიცებით, საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა ადვოკატების მოთხოვნა და ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიკურად, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ახლა სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

როგორც ირკვევა, ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

საყურადღებოა, რომ დოროყაშვილის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ისეთი არგუმენტის მხედველობაში მიღებას ითხოვს, რაც მათივე თქმით, „ხანდაზმულია“.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა, აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ბასილაშვილმა დღემდე მხოლოდ ერთადერთხელ გაავრცელა განცხადება, 24 მაისს, სადაც საზოგადოებას შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არ აპირებს საჯარო დისკუსიაში სევიდეს ყოფილ მეუღლესთან, რომელიც მისი ერთადერთი შვილის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე.

„სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, – დაწერა ბასილაშვილმა და მეტად არც წერილობით და არც სხვა ფორმით განცხადება აღარ გაუკეთებია.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა არც მისი ადვოკატის განცხადება დღევანდელ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ქვეყნიდან გასვლა და ტურნირებში მონაწილეობა ამ ეტაპზე შეზღუდული არ აქვს.

სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს, Covid-19-ის გამო დაპაუზებული ATP ტური როგორც იქნა, ნელ-ნელა რიტმს უბრუნდება. თითქმის 5-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური ტურნირი, სადაც ATP-ის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, ამერიკაში, ცინცინატის მასტერსია. მოთამაშეებს შორის განთესილთა რიგებში საქართველოს ნომერ 1 და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 27-ე პოზიციაზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გახლავთ.

ცნობილია ტურნირის ბადეც, რომლის მიხედვითაც ბასილაშვილის პირველი მეტოქე კანადელი, 20 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. აღსანიშნავია, რომ ოჟე ალიასიმს ბასილაშვილი შარშან, ორჯერ შეხვდა. მაიამის მასტერსზე, „ჰარდ“ საფარზე და ლიონის 250-იან ტურნირზე, სადაც თიხნარის საფარია. შარშან ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში კანადელმა მოიგო. ალიასიმი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-20 პოზიციაზეა, ტურნირზე კი მე-15 ნომრადა არის განთესილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ფელიქს ოჟე-ალიასიმს შორის გამარჯვებულს მომდევნო რაუნდში ლორენცო სონეგოსა და ტენის სანგრენს შორის უძლიერესი შეხვდება.

ძირითადი ბადის მატჩები ტურნირზე 22 აგვისტოდან დაიწყება, ფინალური მატჩი კი 30 აგვისტოს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტოპ-ჩოგბურთელი ამერიკაში არ ჩავიდა, ცინცინატის მასტერსზე მაინც საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა იქნება. ტიტულის დაცვას შეეცდება შარშანდელი გამარჯვებული დანილ მედვედევი, კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ასევე ცინცინატში გამარჯვება სურთ დომენიკ ტიმს, სტეფანოს ციციპასს, ალექსანდრ ზვერევს, მატეო ბერეტინის და დავიდ გოფინს. წლევანდელ ცინცინატის მასტერსში მონაწილეობას არ მიიღებენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი და ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი