ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

„პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპანტებთან და ოკუპანტების ფული „პატრიოტებთან“

ბოლო დღეებში, ქართულ პოლიტიკურ სიახლეებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. კრემლთან ყველაზე დაახლოებული და მოსკოვში ყველაზე ხშირად მოსიარულე პოლიტიკური გუნდი ოპონენტების კრიტიკის ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. ჯერ იყო და ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის საიდუმლო „მოგზაურობა“ გამჟღავნდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ორიოდე დღეში კი, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კრემლი თავის ფავორიტ ძალას არჩევნების წინ რამდენიმე მილიონით აფინანსებს.

მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ ავრცელებს დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, „პატრიოტთა ალიანსს“ კრემლთან დაახლოებული პიარტექნოლოგები დაუქირავეს მოსკოვში. ასევე, გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატება.

დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი, მოსკოვიდან რა რჩევებს აძლევენ ქართველ პოლიტიკოსებს და როგორ ანტიდასავლურ პროპაგანდას კარნახობენ. საქმე ეხება აგრეთვე  „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერაში ჩართულ კრემილის მიერ დაფინანსებულ მედიასაც.

„დოსიეს“ ინფორმაციით, დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი, რომელიც სერგეი ივანოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს, რუსული გავლენის გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს – სტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

„დოსიე“ აღნიშნავს, რომ გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, ხელში ჩაუვარდათ სამუშაო დოკუმენტები, სადაც ჩანს, როგორია კრემლის ე.წ. „რბილი ძალა“: როგორ ხდება პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და ჟურნალისტების გადაბირება ახლო ქვეყნებიდან, როგორია კრემლის ინსტრუქციები საპროტესტო განწყობის გაღვივების თუ პროვოკაციების მოწყობის შესახებ.

„დოსიეს“ იფნორმაციით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში კრემლი ფსონს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს.

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები – ФСБ-ს  თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი – კურირებენ.

დოკუმენტები მიხედვით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა „პატრიორთა ალიანსის“ გაპიარების წინასწარი გეგმა. გეგმას ერთვის ბიუჯეტი, რომელიც 700 ათას დოლარს შეადგენს.

ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტირების, ცხოვრების და ა.შ. ხარჯების ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ზოგიერთი ხარჯი, შესაძლებელია ამის ცალკე განხილვა.
მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მონაწილეობა მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ უნდა იქნას ცალკე“, – წერია „დოსიეს“ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი

აღსანიშნავია, რომ სერგეი მიხეევს გარკვეული დროის განმავლობაში რუსულ პროპაგანდისტულ არხზე России-1-ზე გადაცემა მიჰყავდა. 2014 წელს, ლიტვის ინიციატივით, ის ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

„დოსიეს“ ცნობითვე, მიხეევი ბელარუსის მოვლენებშიც მონაწილეობს და ბელარუს ხალხს ქარხნების დახურვით, ტოტალური უმუშევრობითა და „ნატოს“ ჯარებით აშინებს.

„დოსიედან“ ასევე ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ ინსტრუქციებს უგზავნიან და დეტალურად ეუბნებიან როგორ უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან, რომ მეტი მხარდაჭერა მიიღონ და თან საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდაც გააძლიერონ. პიარტექნოლოგის, ვერა ბლაშენკოვას მიერ გაგზავნილ ინსტრუქციებში წერია, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას. მოყვანილია იმის მაგალითებიც, თუ რა უნდა თქვან კამპანიისას:

მაგალითი: ამერიკელების ფინანსური დახმარების მისაღებად, მათი მოკავშირეები დათანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, მათი ადრეული სქესობრივი აღზრდის, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტული განწყობის განვითარების საფარქვეშ;

მაგალითი: თუ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ გველის უმუშევრობა და ხალხის წასვლა. ქართველები კვლავ არალეგალური მიგრანტები გახდებიან ევროკავშირში;

„დოსიეს“ ინფორმაციით, მოსკოველი ინსტრუქტორები „პატრიოტებს“ ასევე ასწავლიან როგორ უნდა იმოქმედონ ამოევლის განწყობაზე.

მაგალითი: მოყევით სხვა პარტიების წევრებზე – რას ჭამენ, სვამენ, იცვამენ, რა მანქანები ყავთ, სად სწავლობენ მათი შვილები – ფასებით. მოახდინეთ განსხვავების დემონსტრირება საერთო სიღარიბის ფონზე მუდმინვი შედარების გზით“.

აღწერილია აგრეთვე ოპონენტების „გაშავების“ და დაქსაქსვის ინსტრუქციები.

ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ოპონენტებს შორის კონფლიქტებს და დავყოთ ისინი, განსაკუთრებით, თუ კოალიციაში არიან. ამის გაკეთება უმნიშვნელო ფაქტებზეც შეიძლება. ჩვენი ამოცანაა, შემოვიტანოთ საკვანძო აზრი – ოპონენტები აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, ვერ იტანენ ერთმანეთს და ნებმისმიერ დროს უღალატებენ. ამომრჩევლის თვალში თანხმობის გაუფასურებაა საჭირო. საჭიროა ირიბი მოქმედება“.

აღსანიშნავია, რომ „დოსიეს“ ინფორმაციით, ბლანშკოვას მუდმივი კონტაქტი აქვს თბილისთან და „პატრიოტებთან“.

„დოსიეს“ ცნობით, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერაში ჩართულია მოსკოვის მიერ დაფინანსებული „სპუტნიკი“, ახალი ამბების სააგენტო „Eurasia Daily“, ახალი ამბების სააგენტო „Regnum“ და პოლიტიკური მეცნიერებების ცენტრი „ჩრდილო-სამხრეთი“, რომელსაც ანგელიკა ტრაპეზნიკოვა ხელმძღვანელობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მინიმუმ გამოძიების დაწყების აუცილებლობას აჩვენებს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ ინაშვილის პარტია მართლაც ფინანსდება კრემლიდან, „პატრიოტთა ალიანსი“ მინიმუმ არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს ირმა ინაშვილი.

„8 მილიონიანი ბიუჯეტის თემაზე იყო ხო საუბარი? ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მილიონი ალბათ იმიტომ აიღეს და იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი რვაა. და ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ. სააკაშვილი და ბოკერია, თქვენ ორივე, იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ პასკვილებს და ბინძურ პასკვილებს იწყებთ ჩვენს წინააღმდეგ ეს ხომ თქვენი დაკვეთაა, ამ ტელევიზიების დაკვეთა. ჩვენ, მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში“, – ამბობს ირმა ინაშვილი.

სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „დოსიეს“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ფულის მიწოდება ემსახურება მიზანს, ეს პარტია გაძლიერდეს საქართველოში და კოალიციური მთავრობა შეუქმნას „ქართულ ოცნებას“.

„ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, და ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა არის სრულიად საკმარისი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე. ბუნებრივია, ჩვენ არ ველით, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას პატრიოტთა ალიანსს რაიმე პრობლემას შეუქმნის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელი იმედი იმაზე დაამყარა რომ შემდეგ შექმნას კოალიციური მთავრობა აი ამ პრორუსულ ძალასთან პატრიოტთა ალიანსთან“, – აცხადებს კაპანაძე.

„პატრიოტთა ალიანსი არის ღიად კრემლის და პროპუტინისტური ძალების დანამატი საქართველოში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე აძლიერებდა საქართველოს ხელისუფლება“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“ ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტებს“ სასათბურე პირობებს უქმნის, აძლიერებს და როცა დასჭირდება სწორედ მათ იყენებს ანტიდასავლური მანიფესტაციების მოსაწყობად.

„ამიტომ აქ ახალი არაფერია, თუ კრემლი როგორ ცდილობს ჩაერიოს ამ რბილი ძალის გამოყენებით, უზარმაზარი თანხებით და ზიზღის გაღვივებით“, – მიაჩნია დეკანოიძეს.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ჩასული. პარტია ოფიციალურად არაფერს ამბობდა, სანამ „მთავარმა არხმა“ მათი საიდუმლო ვიზიტი არ გაასაჯაროვა და ცნობილი არ გახდა ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის საიდუმლო ვიზიტის შესახებ.

„პატრიოტების“ ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არათუ ცხოვრება, უბრალო ჩასვლაც კი შეუძლებელია, საქართველოს მთავრობას არ გაუპროტესტებია. ალბათ საინტერესოა, რომ ინაშვილის და თარხან-მოურავის ვიზიტით, აფხაზეთში მყოფი ორგანიზაცია უფრო დაინტერესდა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება.

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონში დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის ჩასვლის გამო. „არუაას“ ინფორმაციით, საქართველოდან ჩასულებმა18 აგვისტოს საიდუმლო შეხვედრა გამართეს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საყანიასთან. „არუაამ“ აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტს სთხოვა შეხვედრის მიზეზები დაედგინა.

ასევე, „არუაას“ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარიამ, ლაშა საყანიას და ე.წ. უშიშროების კომიტეტს მიმართა, დაადასტურონ ან უარყონ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა.

მოგვიანებით, შეხვედრა დაადასტურა საყანიამ აფხაზურ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში. მისი მტკიცებით, „პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერებს „ჰუმანიტარული მისიით“ შეხვდა. შეხვედრის მიზანი, რომელიც „რუსი მეგობრების“ მხარდაჭერით დაიგეგმა, დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო. იმავეს გაიმეორა ირმა ინაშვილმაც.

საყანიას განცხადებით, მან, შეხვედრის შესახებ, შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში, არც გალის რაიონის ადმინისტრაცია და, არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მიცემოდა.

მას შემდეგ რაც „პატრიოტების“ აფხაზეთში „მოგზაურობა“ გახმაურდა, ირმა ინაშვილმა ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტოები გადაღებულია 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარში.

ძნელია იმის ვარაუდი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიაში ყოფნის გარდა კიდევ სად იყვნენ ქართველი „პატრიოტები“ და ასევე ვის რა საკითხებზე ელაპარაკნენ. ფაქტი ერთია – ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების და ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლების თანხმობის გარეშე ვერ შედგებოდა. ასევე, იმის ვარაუდიც ძნელია, „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიუხედავად, ჯამში რომელ პოლიტიკურ ძალებზე დებს ფსონს კრემლი, თუმცა აქაც იოლი დასანახია, რომ საქართველოში პრორუსულ ფლანგზეც არის ერთგვარი კონკურენცია და სავარაუდოდ, კრემლი მხოლოდ ინაშვილის და თარხან-მოურავის იმედზე არ იქნება.

იხილეთ “დოსიეს” ჟურნალისტური გამოძიება:Как Кремль вмешивается во внутреннюю политику соседних стран Часть первая: выборы в Грузии 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button