fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყოფილ ცოლს და მის მეგობარ მამაკაცს ბელორუსიდან გამოქცეული სერგეი დახმარებას საქართველოში ითხოვს

224

რადიო ჰერეთს ბელორუსიდან გამოქეულმა და ბათუმში მაცხოვრებელმა სერგეი ილინმა მიმართა. ჩვენ მოგვაწოდეს წერილი, სადაც აღწერილია ბელორუსიდან წამოსული მამაკაცის ისტორია და ის პრობლემები, რაც მის წინაშე დგას.

დღეს, ლუკაშენკოს რეჟიმიდან ადამიანის გაქცევა ალბათ არავის უკვირს, თუმცა, სერგეის გამოქცევის მიზეზი ალექსანდრე ლუკაშენო არ ყოფილა. სერგეი ბელორუსიდან ყოფილ ცოლს და მის მეგობარ მამაკაცს გამოექცა.

სერგეისთან ერთად, ბათუმში ცხოვრობს მისი შვილი, 7 წლის ბიჭი. მამა-შვილი უკვე ორი წელია აჭარის დედაქალაქში იმყოფებიან და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვთ. თუმცა, ბავშვის დედა საქართველოში ჩამოვიდა და ქართული სასამართლოს ძალით ითხოვს შვილი ბელორუსში წაიყვანოს.

ბავშვის მამა კი ამტკიცებს, რომ ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობს და ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდ და უზრუნველყოფილ გარემოში – თავის მამასთან იყოს.

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ სერგეი ილინის წერილს, რომელიც მხარდაჭერას ითხოვს და რადიო ჰერეთს საკუთარი მდგომარეობის შესახებ უამბო.

———————————————————————————————————————————-

არ დაუშვათ 7 წლის ბიჭზე ძალადობა – ბელორუსი მამის წერილი ქართველებს

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დედა ითხოვს შვილთან შეხვედრას, მაგრამ შეხვედრის დროს იყენებს დუმილის უფლებას. ერთი საათის განმავლობაში ბავშვი ელოდება, რომ დედის ხმას მაინც გაიგონებს, მაგრამ ის დუმს. ბავშვი მოდის სახლში და ამბობს, რომ „აღარ უნდა ასეთი თამაში“.

მართლაც თამაშს დაემსგავსა ყველაფერი, მაგრამ უკვე ტრაგიკულს. ახლავე მოგიყვებით, რა ხდება. მე ვარ სერგეი. ბელარუსის მოქალაქე. იმ ქვეყნის, სადაც ათეულობით წლებია ადამიანის უფლებები ირღვევა და დღეს დემონსტრაციებია დიქტატორის ჩამოსაგდებად. ჩემი ამბავიც ერთ-ერთ უსამართლობას ეხება, რომელსაც ბელარუსიდან გამოვექეცი და ახლა საქართველოშიც მომწვდნენ.

ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია, მაგრამ ვიშრომე და ფეხზე დავდექი. გავიცანი ლამაზი ვიქტორია, შემიყვარდა, ერთად ვცხოვრობდით ბედნიერად. ვიქტორია დღესაც ჩემს გვარს ატარებს. გვეყოლა ცისფერთვალება ბიჭი. ჩემი შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო – დიდი სახლი, ეზოში სათამაშო მოედანი, ყურადღებიანი ძიძა და მზრუნველი მშობლები. მაგრამ, როგორც ტრენდულია ახლა თქმა – დადგა ოჯახური კრიზისი და ვიქტორიამ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო დედასთან. ჩემი შვილი ხან ჩემთან ცხოვრობდა და ხანაც ვიქტორიასთან. სახლში დაბრუნებულ ბავშვს ხშირად ვატყობდი უხასიათობას, გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი, შეექმნა ძილის პრობლემები, ძილში საუბრობდა ჩემთვის გაურკვეველ ენაზე, თითქოს ლოცულობდა. კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვიქტორიას მეგობარი მამაკაცი მაქსიმ კაჩაევი 4 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა როგორც მარტო, ასევე დედის თანდასწრებით.

ვინ არის და როგორ ბედავდა? გეტყვით. მაქსიმ კაჩაევი არის ფსიქოლოგ-ექსტრასენსი, რომელიც გაწევრიანებულია თავისივე შექმნილ სექტაში და ამავე დროს არის КГБ-ს აგენტი. მამამისი ქალაქის საბჭოს გავლენიანი პირი და დედა განათლების, სპორტის, მზურველობისა და მეურვეობის ორგანოების მთავარი ფინანსისტი. ანუ ბელარუსში მათთვის ყველაფერი დასაშვებია, ადამიანზე ძალადობის ჩათვლით.

აღწერა მიჭირს, რა გადაიტანა ჩემმა შვილმა და მსურს თავადაც არასოდეს გაიხსენოს. ვიქტორია მეგობარ მამაკაცს ხელს აფარებდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვზე ძალადობა დაეფარა. ხან ამბობდა, რომ მამაკაცი ბავშვს ეხებოდა, რათა მისთვის მოშარდვა ესწავლებინა, ხანაც ამბობდა, რომ ეს კაცი მხოლოდ ერთხელ დარჩა მათთან, რაც მიანიშნებს, რომ არც ისე ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ამ მამაკაცს მასთან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აძლევდა ვიქტორია უცხო მამაკაცს ჩემ შვილთან მიახლოვების უფლებას და დღემდე ვერ მივიღე პასუხი. ბავშვს კი ეუბნებოდა, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა და გახსენება არ ღირს.

ბელარუსში არაერთხელ მივმართე სოციალურ სამსახურებს და მილიციას.  თუმცა, იქეთ მემუქრებოდნენ, რომ ვერაფერს დავამტკიცებდი და უარს ამბობდნენ ბავშვის დაკითხვაზე. არ ვიცი რა იყო რეალური მიზეზი: КГБ-ს შიში ჰქონდათ თუ ცდილობდნენ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქტები დაეფარათ. მაქსიმ კაჩაევის გავლენებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ის არასოდეს დაუკითხავთ და საქმის გამოძიება არც კი დაუწყიათ. არავის ენაღვლებოდა ჩემი შვილის ბედი.

უსამართლო ქვეყანაში დაუცველები ვიყავით, ძალადობის განმეორების რისკიც იყო, ამიტომ მოვკიდე ხელი ჩემს შვილს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თავი შევაფარე საქართველოს.

უკვე ორნახევარი წელია, რაც მე და ჩემი 7 წლის ბიჭი ბათუმში ვცხოვრობთ. თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევთავაზე აქ ცალკე ბინაში უზრუნველყოფილად ცხოვრება, ვიქტორია ითხოვს ბავშვის ბელარუსში დაბრუნებას. ქვეყანაში, რომელშიც მოქალაქე საერთოდ დაუცველია, კლავენ ადამიანებს და განურჩევლად ყრიან ციხეებში.

2018 წლის 09 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვი ბელარუსში არ უნდა დაბრუნდეს ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად. ამის შემდეგ ვიქტორია უფრო გააქტიურდა.  ჩამოვიდა საქართველოში და არ ვიცი როგორ, რანაირად, ამდენი მტკიცებულებების ფონზე, მიაღწია იმას, რომ ბავშვი უნდა დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში. უფრო მეტიც, ბათუმის პოლიციას მიმართა და მოითხოვა  ჩემ წინააღმდეგ დამცავი ორდერის გამოცემა.

მაშინ როცა ჩემი შვილი დღეს ბედნიერად ცხოვრობს ბათუმში, ჰყავს მეგობრები, დადის სკოლაში, უზრუნველყოფილია ყოველმხრივ, უყვარს საქართველო, უნდა მამასთან ცხოვრება, ვიქტორია დაჟინებით მოითხოვს ბავშვის თავშესაფარში გადაყვანას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შემაკავებელ ორდერზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც უარი თქვა ბავშვის თავშესაფარში გადაყვანაზე, თუმცა დაადგინა, რომ ბავშვი ვიქტორიას კვირაში სამჯერ უნდა შეხვდეს. შვილთან პირველ შეხვედრაზევე ვიქტორიამ დუმილის უფლება გამოიყენა. ადვოკატის რჩევით მეორე შეხვედრაზე ბავშვს დაელაპარაკა, მხოლოდ 10 წუთით. მაგრამ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, სააპელაციო სასამართლოს პროცესზე ახალი სირთულეების გადატანა მოუწია ჩემ შვილს, როდესაც არაკომპეტენტური ფსიქოლოგი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ბავშვს აქვს მამასთან „ემოციური მიჯაჭვულობა“ და ძალის გამოყენებით უნდა წამართვან. ღმერთს მადლობა, მოსამართლემ სხვა პროფესიონალი ფსიქოლოგების ჩვენებები გაითვალისწინა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე მუშაობდნენ ჩემ შვილთან.

პარადოქსულია, რომ ჩვენი ამბავიც კავკასიაში ვითარდება როგორც „კავკასიური ცარცის წრის“ სცენარი. თუ ჩემი შვილი თავად მოისურვებს დედასთან ცხოვრებას, მე ხმას არ ამოვიღებ. თუ სააღსრულებლოდან მოვლენ ბავშვის წასაყვანად, მე გაუნძრევლად დავდგები, მაგრამ რა გავაკეთო, როცა ვგრძნობ, რომ ბავშვი თავისი სურვილით არ წავა ჩემგან, როგორ გავაგდო? როგორ ვუთხრა „წადი ისევ მოძალადესთან“?  როგორ გავწირო? თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? მე ხომ მამა ვარ და ვალდებული ვარ მასზე ვიზრუნო, როგორც ღმერთის ასევე კანონის წინაშე?

ვიცი, რომ საქართველოში დედის კულტია და ქართველი დედა ბოლო ამოსუნთქვამდე შვილებზე ზრუნავს, ალბათ ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ქართველი მოსამართლე ქალისკენ იხრება და ფიქრობს, რომ მამა სათანადო მზრუნველობას ვერ გაუწევს შვილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალი ერთნაირად ზრუნავს თავის შვილზე.

ისიც ვიცი, რომ მედიას დიდი ძალა აქვს საქართველოში, ამიტომ მინდა მასმედიით მივმართო სახალხო დამცველს, შესაბამის ორგანოებს და თითოეულ ქართველს.

უმორჩილესად გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მონიტორინგი და შესწავლა, როგორც არსებული საქმის მასალების, სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან ძალადობის აღკვეთის, ასევე, მოსალოდნელი გადაწყვეტილების აღრულების, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

გთხოვთ, ნუ გაგვწირავთ, ჩვენი დაშორება დიდ ტრავმას მიაყენებს ბავშვს.

არ დაუშვათ, რომ КГБ-ს ინტერესები გატარდეს საქართველოში და ჩემი შვილი  ისევ ძალადობის ქვეშ აღმოჩნდეს,  ვეღარ გადაიტანს იგივეს.

ის ხომ პატარა ბავშვია. ის მხოლოდ 7 წლისაა.

თქვენც ხომ გყავთ შვილები.

დამეხმარეთ დავიცვა ჩემი შვილი!

პს. ეს სურათი ჩემმა ბიჭმა დახატა. საერთაშორისო უფლებადემცველები და ორგანიზაციები უკვე კარგად იცნობენ ამ სურათს. ჩვენ დღეს ადამიანების გულისხმიერების იმედიღა დაგვრჩა.

სერგეი ილინი

26.08.2020 წ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი