Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ვიზეარი“ და „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს ოქტომბრიდან განაახლებენ

კორონაპანდემიის გამო, ამ ორივე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენები შეჩრებულია, თუმცა, კომპანიების გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, საქართველოდან ფრენები ოქტომბერში განახლდება.

4 540

საქართველოს მთავრობამ Covid-19-ის პანდემიის მიზეზით უკვე რამდენჯერმე გადადო საქართველოდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განახლება.

ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, სადაც რეგულარული ფრენები აღადგინეს, თუმცა, უმეტესად ისეთ ფასად, რომ რიგირთი ადამიანებისთვის აღნიშნული მიმართულებაც კვლავ დახურულად ითვლება. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოდან რეგულარული ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. ასევე დაფრინავს ე.წ. სამთავრობო რეისები, რომლითაც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილდებიან.

ამ სიტუაციაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ რეისების განახლება. სწორედ „ვიზეარის“ მეშვეობით, ქუთაისის აეროპორტიდან შეძლო უამრავმა ადამიანმა ევროპის მიმართულებით იაფად გამგზავრება. მეორე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოში შარშან, შემოდგომით შემოვიდა და ფრენა დაიწყო როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან.

კორონაპანდემიის გამო, ამ ორივე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენები შეჩრებულია, თუმცა, კომპანიების გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, საქართველოდან ფრენები ოქტომბერში განახლდება. ყოველ შემთხვევაში ვებგვერდზებზე გამოქვეყნებულია განრიგი და ბილეთები იყიდება.

„ვიზეარის“ შემთხვევაში

1 ოქტომბერს

ქუთაისი-აბუ-დაბი, ბილეთის საწყისი ფასი 79 ლარი. უკან დასაბრუნებელი ბილეთი 67-84 ლარის ეკვივალენტია.
ქუთაისი-ლარნაკა, ბილეთის საწყისი ფასი ფასი 49 ლარი, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც 1 ოქტომბრიდან იყიდება, ფასი 20 ევროა, 4 ოქტომბრის რეისზე კი 15 ევროა მითითებული.

2 ოქტომბერს

ქუთაისი-ვენა, ბილეთის საწყისი ფასი 69 ლარი. ვენა-ქუთაისი იმავე დღიდან იფრენს, 25 ევროდ.

ქუთაისი-დორტმუნდი, საწყისი ფასი 99 ლარია, 5 ოქტომბერს კი უკვე 89 ლარია მითითებული. დორტმუნდი-ქუთაისი 2 ოქტომბერს 45 ევრო ღირს, 5 ოქტომბერს კი საწყისი ფასი 25 ევროა.

ქუთაისი-რიგა, ბილეთის საწყისი ფასი 139 ლარია, რიგა-ქუთაისი 2 ოქტომბერს 60 ევრო, ხოლო 5 ოქტომბერს 45 ევროა მითითებული.

ქუთაისი-ვარშავას ბილეთის საწყისი ფასი 2 ოქტომბერს 309 ლარია, ხოლო 5-ში 139 ლარი. ვარშავა-ქუთაისი 2 ოქტომბერს 485 ლარის, 5-ში 139 ლარის ეკვივალენტია მითითებული.

3 ოქტომბერს

ქუთაისი-ვილნიუსის ბილეთის საწყისი ფასი 99 ლარია,  ვილნიუსი-ქუთაის 3 ოქტომბერს შესრულდება და ბილეთი 60 ევრო ღირს, 6 ოქტომბერს კი 35 ევრო.

ქუთაისი-ათენი 3 ოქტომბერს 79 ლარიდან, 6 ოქტომბერს 69 ლარიდან იყიდება. ათენი-ქუთაისი 3 ოქტომბრიდან იფრენს და 22 ევროა მითითებული.

ქუთაისი-ბუდაპეშტი საწყისი ფასი 79 ლარი, ბუდაპეშტი-ქუთაისი კი 2 ოქტომბრიდან არის ჩანიშნული, ბილეთის ფასი 88 ლარის ეკვივალენტია.

„ვიზეარის“ დანარჩენი მიმართულებები, სადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან უნდა განახლდეს ფრენა არის: მიუნხენი, ტალინი, ბოლონია, მილანი, რომი, გდანსკი, ვროცლავი, კატოვიცე, კრაკოვი, პოზნანი, სალონიკი და პრაღა.

კომპანია „რაინეარი“

რაც შეეხება მეორე ბიუჯეტურ კომპანია „რაინეარს“, ავიაკომპანიას 2-2 მიმართულება აქვს ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც. ქუთაისიდან იტალიის ქალაქი ბოლონია და ფრანგული მარსელი, ხოლო თბილისიდან გერმანული კიოლნი და იტალიის ქალაქ მილანის (ბერგამო) მიმართულებაა.

7 ოქტომბერს არის დაგეგმილი თბილისი-კიოლნი, ბილეთის ფასი 43 ევროა მითითებული, იმავე დღეს არის ჩანიშნული კიოლნი-თბილისი 62 ევროდ.

25 ოქტომბრიდან არის ჩანიშნული თბილისი-ბერგამო 17 ევროდან. ბერგამო-თბილისი 24 ევროდან, 26 ოქტომბერს 17 ევროდან.

27 ოქტომბერს არის ჩანიშნული ქუთაისი-ბოლონია 10 ევროდან, ხოლო ბოლონია-ქუთაისი ფასი იმავე დღეს 22 ევროა მითითებული.

ქუთაისი-მარსელი 29 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ბილეთის ფასი 13 ევროდან იწყება. იმავე დღეს და იმავე ფასად არის მარსელი-ქუთაისი.

აქვე შეგვიძია გავიხსენოთ, რომ ივლისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ტოვებდა რადგან შეთანხმებას ვერ მიაღწია ხელისუფლებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიას საქართველოში ბაზას აუქმებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანიის საქართველოდან წასვლა უარყო.

მინდა, საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომვიზეარიარსად არ მიდის. ის რჩება საქართველოში, ის მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც ეს იყო. ეს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადატექნიკური საკითხია, მას 2 ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინგზე თუ ერთი ხომალდი ეყოლება ბუდაპეშტში და იქედან მოემსახურება ფრენას“, – განაცხადა თურნავამ.  

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი სექტემბერში 16 ჩარტერულ რეისს შეასრულებს ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით. კომპანიამ ნებართვა 27 აგვისტოს მიიღო. Georgian Airways-ის გარდა, სექტემბერში ფრენებს შეასრულებენ: ეარ ფრანსი, კატარ ეარვეისი, პეგასუს ეარლაინზი, ეარ ბალტიკი, იან ეარი, ბელავია, ლუფტჰანზა, ეგეოსის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები, სკაი აპ ეარლაინზი, ლოტ პოლონეთის ავიახაზები. მათი ნაწილი საქართველოდან მგზავრებს მხოლოდ გაიყვანს.

რაც შეეხება „რაინეარს“, ცნობილია რომ კომპანიამ კორონაპანდემიისთანავე შეაჩერა ფრენები მთელი ევროპის მასშტაბით.  კომპანიამ ფრენების 40% ივლისიდან აღადგინა.  საქართველოში კი, როგორც ჩანს, ოქტომბრიდან დაიწყებს ფრენას, ისევე როგორც „ვიზეარი“. მთავარია კორონაპანდემია ხელახლა არ გაძლიერდეს და საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ არ გადაავადოს რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლის დაწყება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი