Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ხალხი რომ უკიდურესად გაჭირვებულია ბრალი მიუძღვის სამღვდელოების კასტასაც”

570

დღეს, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში მრევლისთვის ნაკურთხი საკვების გაცემის დროს უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ეკლესიაში მისული ადამიანები სანოვაგის აღებას ერთმანეთს არ აცდიდნენ და ერთგვარი ჭყლეტა წარმოიშვა. აღნიშნული სიტუაციის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანიებმა გაავრცელეს. დღვანდელ ამბავს გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელიც წლების წინ, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პრეს-მდივანიც იყო. მოგვიანებით, საპატრიარქოს კრიტიკისთვის ჯერ გაფრთხილება მისცეს, შემდეგ მღვდელმსახურებაც აუკრძალეს.

ბასილ კობახიძე სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს, ტექსტს რადიო ჰერეთი უცვლელად გთავაზობთ.

„სიონის ტაძარში პურის და სანოვაგის დარიგების ვიდეო ვრცელდება, სადაც ხალხი ლამის ერთმანეთს ხელიდან გლეჯს საჭმელს. აქ არის ოთხი მომენტი:

1. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და მშიერია. განა ეს უცნობი ფაქტია? აქ დასაცინი ან შესაზიზღებელი არაფერია.

2. ხალხი რომ უკიდურესად გაჭირვებულია ამაში მთავარ დამნაშავე პოლიტიკურ კლასთან ერთად, თავისი ბრალი მიუძღვის სამღვდელოების კასტასაც. ამიტომ მრისხანება მათ უნდა მიემართებოდეს და არა მათ მიერ გაღარიბებულ ხალხს.

3. სამღვდელოების კასტამ ვერ მოახერხა სანოვაგის ისეთი ფორმით დარიგება, რომ ადამიანის ღირსება არ შელახულიყო, ამიტომ დასაგმობი ეს კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი.

4. გაჭირვებული ხალხისათვის, ეკლესიაში დარიგებული სანოვაგე არამარტო საკვებია, არამედ ნაკურთხი, წმინდა, საკრალური საჭმელი, რომელსაც სასწაულებრივი და სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითისთვის ასეთ სცენებს ვხედავთ წყალკურთხევაზეც, ნაკურთხი წყლის დარიგებისას. აქ დამნაშევეა სამღვდელო კასტა, რომელმაც რწმენა გაანივთა ქვებში, ხეებში, წყაროებში, კალმახებში, მიწებში, ტყეებში, ოქროებში, ფულებში. ასევე ეკლესია, რომელიც უნდა იყოს მორწმუნეთა ერთობა, სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და ზრუნვა, მამაოებმა გადააქციეს გათითოკაცებული ქრისტიანების ინდივიდუალური „რელიგიური მოთხოვნილებების“ დაკმაყოფილების ბიუროდ. ამიტომ გასაკიცხი აქაც სამღვდელოების კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი“, – წერს ბასილ კობახიძე „ფეისბუკში“.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი