ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

სისხლის აღების წესი და დაპირისპირება პანკისში

ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. შურისძიების მიზნით დევნის დროს შურისძიება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მკვლელზე. დაუშვებელია მკვლელის ნათესავებზე შურისძიება. შურისძიების უფლება აქვს გვარის (თეიფის) ყველა წარმომადგენელს, ძმადნაფიცსა და დისწულს, – ვკითხულობთ 2017 წლის 13 ოქტომბერს, პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის ყრილობის მიერ მიღებულ „ქისტური სამართლის კოდექსში“.

პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, არბი ქავთარაშვილი 27 წლისაა.
2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან, გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, მისგან ნასროლმა ტყვიამ, ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისური მუთოშვილი იმსხვერპლა.
თელავის რაიონული სასამართლოს 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ქავთარაშვილი, ჩადენილი მკვლელობისათვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11 წელიწადს გაატარებს.

მასთან ერთად, ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობისათვის, 9 წლიან სასჯელს, დუისის მკვიდრი, რამაზ ხანგოშვილიც მოიხდის.

სასამართლოს მიერ გამოტანილი მკაცრი ვერდიქტის მიუხედავად, არბი ქავთარაშვილს, ქისტური ადათის თანახმად, მუთოშვილების გვარის სისხლი მართებს.

პანკისის ხეობის უხუცესები და მუსულმანური სამყაროს ავტორიტეტული პირები, მოსისხლე გვარების შერიგებასა და სისხლის აღების თავიდან აცილებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ.

ქავთარაშვილ-მუთოშვილების კონფლიქტის დროს გამოიკვეთა, რომ დაზარალებული მხარე კოდექსში ახლადშეტანილ ცვლილებას – შურისძიების მიზნით მხოლოდ მკვლელის დევნას, არ ეთანხმებოდა. ამის დასტურად, ხეობაში, 29 ივლისის ღამეს, უცნობი პირების მიერ, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის – მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას მიიჩნევენ. თუმცა, ნათესავის მკვლელობის მცდელობით სისხლის აღების ვარაუდი, ჯერ დადასტურებული არ არის.

საუკუნეების მანძილზე, თემში დამკვიდრებულ ჩვეულებითი სამართლის ნორმებზე ხმამაღლა საუბარს დაპირისპირებული მხარეები თავს არიდებენ. თუმცა, ქავთარაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რადიო ჰერეთთან ზოგიერთ დეტალზე მაინც ლაპარაკობს.

ჩვენი გვარი, ახლა, ორმაგად რთულ მდგომარეობაშია. ადამიანი გვყავს ციხეში და ჩვენი წესის მიხედვით, სისხლი გვმართებს. ფაქტიურად, ყველა საფრთხის ქვეშ არის. ბუნებრივია, გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, ადამიანია მკვდარი და ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ შურისძიებამ ხომ შეიძლება კიდევ სხვა სიცოცხლეც მსხვერპლოს? შესაძლოა, ვითარება ისეც შეიცვალოს, რომ სისხლისღვრას დასასრული არ ჰქონდეს. ამიტომაც მიდის ბრძოლა შერიგებისათვის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვემორჩილებით კონსტიტუციას, უკეთესი იქნებოდა, რომ სისხლის აღების წესი, მხოლოდ სიმბოლურად არსებობდეს და არა რეალურად“, – გვითხრა გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სისხლის აღების ტრადიციაზე ხმამაღლა საუბარი არ სურს მოკლული ვისური მუთოშვილის გვარსაც. მათი მოსაზრება ადათის შესახებ, განსხვავებულია.

ეს ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილია. მხოლოდ ქისტებს არ აქვთ სისხლის აღების წესი, კავკასიის სხვა ხალხებიც იყნებდნენ საკუნეების განმავლობაში. ამას როგორ ვიტყვით, რომ სისხლისღვრა კარგია, მაგრამ, როცა ესა თუ ის ჯგუფი, სახელმწიფოში თავს დაცულად არ გრძნობს, ის მაშინ ეფარება ადათს“, – ამბობენ მუთოშვილები რადიო ჰერეთთან.

„ქისტური სამართლის კოდექსის“ ერთ-ერთი ავტორი, ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი, თვლის, რომ ჩვეულებები დროთა განმავლობაში სახელმწიფოში მოქმედ კანონებს შეერწყმება.

ხასო ხანგოშვილი

მე კონსერვატორი კაცი ვარ და ვთვლი, რომ ადათები უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ნელნელა ჩვეულებები სახელმწიფოს კანონებს შეერწყმება. ჩვენზე მკაცრი ადათები ჰქონდათ მთის სხვა ხალხებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, მხოლოდ კულტურის ნაწილადღა დარჩა. გეთანხმებით, თითქოს დრომოჭმულია, ზოგი ბარბაროსობადაც მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ ამით, მძიმე დანაშაულების პრევენცია მოვახდინეთ. მკვლელობის ჩამდენმა იცის, რომ მთელ ოჯახს ცუდ დღეში ჩააგდებს. იყო დრო, როცა მკვლელობისათვის პასუხს აგებდა გვარში საუკეთესო. ეგ წესი შევცვალეთ და მხოლოდ მკვლელი ისჯება. კარგია, რომ ახლა უფრო ხშირად შერიგებაზე ვსაუბრობთ და დიდ სამუშაოს ვატარებთ. თუ ასეთ მყარ ჩარჩოში დავრჩებით, ჩემი აზრით, შურისძიება მოსალოდნელი არ არის“, – გვითხრა ხანგოშვილმა.

მკაცრი ადათების თაობაზე რადიკალურად განსხვავებულია ხეობის ახალგაზრდების შეხედულებები. სამოქალაქო აქტივისტი, რამზან გორგიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვეულებებმა საკუთარი როლი ამოწურეს.

თავის დროზე ეს კარგი იყო პრევენციისათვის. თუმცა, გვაქვს ტრადიციები, რომლებმაც აქტუალობა დაკარგა და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. როცა არის სახელმწიფო და კანონი, საქმე მას უნდა მივანდოთ. სახელმწიფომ კანონი უნდა აღასრულოს და საზოგადოებაც მივიდეს ამ დასკვნამდე. ეს რელიგიური საკითხიცაა, ის სისხლისღვრას კრძალავს. სახელმწიფო და საზოგადოება პროგრესზე ერთად უნდა მუშაობდეს“, – თქვა რამზან გორგიშვილმა.

პროფესორი შალვა ჭკადუა პანკისის ხეობის შესახებ გამოცემული ერთ- ერთი ბოლო კვლევის თანაავტორია. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ადათები მხოლოდ კულტურული თვითმყოფადობის ნიშნად უნდა შენარჩუნდეს.

ადათები, როგორც კულტურის ნიშანი, ასე უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველას სამართლიანობისა და დაცულობის გარანტია უნდა ეძლეოდეს. უმთავრესი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა და მისი ხელყოფა დაუშვებელია. სწორედ სახელმწიფოს ვალია, არ დაუშვას ასეთი ხელყოფა. აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციუმი, რომელიც ეთანხმება პრინციპს სისხლი სისხლის წილ. აი ასეთი საზოგადოება თავადაც უნდა მივიდეს გარკვეულ დასკვნამდე, რომ პროგრესი დაიძრას. ეს ვერ იქნება სწრაფი პროცესი, რადგან არ უნდა არსებობდეს გარკვეული ჯგუფების განვითარების შემაფერხებელი, შიდა და გარე ფაქტორები. სახელმწიფო ვალდებულია, ყოველდღიურად გადადგას ნაბიჯები, რაც ჩვეულებითი სამართლის ნორმებს ერთიან სამართლებრივ სივრცეში მოაქცევს“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან შალვა ჭკადუამ.

სახელმწიფოში მცხოვრები ჯგუფების ჩვეულებით სამართალთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვთ იურისტებს. სამართალმცოდნე მარეხ მგალობლიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ სახელმწიფოა ვალდებული გადადგას ნაბიჯები განვითარებისკენ.

სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს, ჩართოს პროცესში სამოქალაქო სექტორი, თავად ის ჯგუფები, ვინც ამ ადათებს, როგორც კანონს, ისე იყენებს. დროთა განმავლობაში, ჩვეულებები ადაპტირდება და მოექცევა ერთიან სამართლებრივ სივრცეში. ამ მუშაობის შედეგია, რომ ქისტურ კოდექსში ჩაიწერა ქალის, როგორც მემკვიდრის უფლების შესახებ. თუმცა, ცალსახად ვიტყვი, რომ სისხლის აღების ტრადიცია ვერანაირი ფორმით კანონის სახეს ვერ მიიღებს“, – თქვა მგალობლიშვილმა.

სანამ საზოგადოება, საუკუნეების მანძილზე მოქმედი, სისხლის აღების ტრადიციის ავ- კარგიანობაზე მსჯელობს, პანკისის ხეობაში, გვარების შერიგებას უშედეგოდ ცდილობენ.
რა ფორმით ჩაერთვება სახელმწიფო უკვე კარგა ხანს მიმდინარე დაძაბულ პროცესში, ჯერ გარკვეული არ არის. ამ ეტაპზე, ცნობილი, მხოლოდ მართლმსაჯულების ვერდიქტია.

ხათუნა გულიაშვილი

 

მსგავსი პოსტები

Back to top button