მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხებს საქართველოს პროკუტარურა არ გამოიძიებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურიდან პასუხი მიიღო. ხოშტარიამ საქართველოს პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა და მოსთხოვა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე გამოძიება დაწყებულიყო.

ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და უწყებამ აუდიტის სამსახურს მიმართა.

„25 აგვისტოს ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც სარწმუნო ინფორმაციაა მოცემული „პატრიოტთა ალიანსის“ პირდაპირ კავშირზე კრემლთან, განცხადებით მივმართე პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. პროკურატურიდან მივიღე ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხი ჩემს განცხადებაზე. პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ თურმე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს აუდიტის სამსახურს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „დოსიეში“ მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელთაც მტრული სახელმწიფო – რუსეთი და კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ „პატრიოტთა ალიანსს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ასრულებს კიდეც რუსეთიდან მირებულ დავალებებს.

„ბათუმში ვიხილეთ კონკრეტული შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორია, ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების ფაქტი,რომელიც წარმოადგენს ზუსტად კრემლის ინსტრუქციებს. აქ არ არის სიახლე ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, არც ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის მტრული სახელმწიფოს მიერ მართული პარტია. საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია კიდევ ერთხელ მიმართავს უწყებებს გამოიძიონ ეს საკითხი და აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button