Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პროკურორი – შაქარაშვილის ჩანთაზე მკვლელობაში ბრალდებულების დნმ არ ამოვიდა

520

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, შაქარაშვილის წელის ჩანთაზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია. პროკურორის თქმით, ჩანთაზე არ აღმოჩნდა საქმეზე ბრალდებული პირების დნმ-ის კვალი.

პროკურორის ინფორმაციით, ჩანთაზე ამოსულია 5 გენეტიკური პროფილი, რომელთაგან ერთი შაქარაშვილს დნმ-ია, ერთი – იმ პიროვნების, ვისგანაც გარდაცვლილმა ჩანთა ითხოვა. ერთი დნმ სავარაუდოდ შაქარაშვილის ახლობელ ქალს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 2 დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, ისინი ერთმანეთის იდენტური იყოს.

„ამ ექსპერტიზის შედეგად, ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს, ასევე იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე, თუმცა მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე. ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ და უშუალოდ იმ პიროვნების დნმ, ვისგანაც მან ჩანთა ითხოვა.

ერთერთი დნმ პროფილი, პირდაპირ ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, რომ შესაძლებელია, იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის. ამ კუთხითაც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა“, – ამბობს ყაზარაშვილი.

მისივე თქმით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც შესაძლებელია ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე, ან რაიმე სახით შეხება ჰქონოდა ამ ჩანთასთან, მიმდინარეობს კვლევა.

„კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

მდინარე არაგვის ნაპირზე, ხიდის ბურჯზე ნაპოვნი გიორგი ჩანთა საქმეში ერთერთი მთავარი ნივთმტკიცებაა. ის გამოძიებამ ექსპერიმენტის ჩატარებისას აღმოაჩინა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი