კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ნაცემი ახალგაზრდა – ბარში თან ზედმეტი გადაახდევინეს თან ცხვირ-პირი დაუმტვრიეს

სოციალურ ქსელში ივიკო ფრუიძე აღწერს ამბავს, რომლის მსგავსიც კოვიდპანდემიამდე არცთუ ძალიან იშვიათობა იყო და ძირითადად უცხოელ ტურისტებს გადახდათ თავს სხვადასხვა ბარებში. ამჟამად კი ფრუიძის თქმით, მას და მის მეგობარს პეკინის ქუჩა 3-ში მდებარე SkyGirls Bar-ში რეალურად შეკვეთილი სასმელის ნაცვლად გაცილებით მეტი თანხა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ანგარიში გააპროტესტა, უკვე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და მოტეხილობების სამკურნალოდ ოპერაციებიც დასჭირდა. ფრუიძის თქმით, გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ სჭირდება ოპერაცია, თუმცა, ცდილობს თავისი ამბავი რაც შეიძლება მეტს გააგებინოს, რომ სხვას აღარ შეემთხვეს იგივე.

ანგარიშის ფურცელი

პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა ჩვენთვის უცნობ ბარში სადაც:

სიტუაციით დიდად არ ავღფრთოვანდით: თითქმის არავინ იყო ჩვენს გარდა, არც მუსიკამ მოგვხიბლა, არცგარემომ. გარკვეული დროის შემდეგ დავაპირეთ სახლში დაბრუნება და მოვითხოვეთ ანგარიში.

თუმცა მოგვიტანეს სრულიად აბსურდული ანგარიში, ჩვენს მიერ შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცხდახუთი ეწერა. თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ“, – წერს ფრუიძე.

მისი თქმით, რაც მომსახურე პერსონალს უთხრა, რაღაც შეცდომააო, პასუხი მიიღო რომ არა, ანგარიში ნამდვილად თქვენიაო.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება“, – წერს ფრუიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ მისმა მეგობარმა მაინც გადაწყვიტა თანხა გადაეხადა, რომ ინციდენტი ამოწურულიყო, თუმცა, დაცვასთან შარს მაინც ვერ გადარჩა.

დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის.

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენწამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში“, – წერს ფრუიძე.

ამის შემდეგ, ცემა უკვე ბარიდან ამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა.

ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და რათქმაუნდა დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და .. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ანარა.

ფრუიძე ამბობს, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი გახდა, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრამვით. ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა,  მეორე კიდევ სჭირდება. ასევე აქვს ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და ნაკაწრები.

„ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ტელევიზიებთან. გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვა ჩემნაირმა ადამიანმა (ქართველმა თუ უცხოელმა) არ გაიზიაროს იგივე ბედი ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ფრუიძე. დასასრულ კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააზიაროს ინფორმაცია.

„ყველას გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია და მივიტანოთ ხმა იქ სადაც საჭიროა, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო მშვიდი!“, – წერს ფრუიძე ფეისბუქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button