კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისის სათემო რადიოს ემუქრებიან – კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დანაშაულის ნიშნებს ხედავს

პანკისის სათემო რადიო მასალას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სუს-ის და ახმეტის მერიის ორგანიზებულ აქციაზე რადიოს დარბევით დაემუქრნენ. ემუქრებიან „პანკისის სათემო რადიოს“ დამფუძნებელ გელა მთივლიშვილსაც. თან, აქციაზე გამოითქვა მოწოდება, რომ რადიოს თანამშრომლებს რამდენიმედღიან ვადას მისცემენ. იმ შემთხვევაში, თუ ახმეტის მუნიციპალიტეტის შენობიდან არ წავლენ, მერე უკვე იძულებით გააგდებენ და ინვენტარსაც გადაუყრიან.

„ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, – სოფელ დუისში მცხოვრები თამაზ მარგოშვილი, 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში გამართულ აქციაზე საჯაროდ დაიმუქრა სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის იძულებით – პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

როგორც პანკისის რადიო ამტკიცებს, მათი გაძევების მთავარი ორგანიზატორი „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ხელისუფლების წარმომადგგენლები არიან, რადგან კრიტიკულად განწყობილი მედია-საშუალების არსებობა არ მოსწონთ.

პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიციამ ფეისბუკის გვერდზე ტექსტი გამოაქვეყნა, რომელსაც რედიო ჰერეთი უცვლელად გთავაზობთ:

„პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვთ.
გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა , რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით – პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი“, – წერია განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში, სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button