fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოდან ევროკავშირში გამგზავრება გართულდა

1 281

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საზღვრის დაცვის პოლიციას უფლება მიენიჭა, მოქალაქე არ გაუშვას ევროკავშირის მიმართულებით, თუკი დღეს დამატებით დაწესებული მოთხოვნებიდან რომელიმე არ იქნება დაკმაყოფილებული.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების კანონპროექტს და 74 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი შედეგით დაამტკიცა.

სანამ უშუალოდ ცვლილებებს შევეხებით, საინტერესოა ერთი დეტალი – კანოპროექტი 2018 წლის აპრილშია დარეგისტრირებული და ერთდროულად 8 ავტორია მითითებული: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ზვიად კვაჭანტირაძე. დღევანდელ კენჭისყრაში სამი მათგანი კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის არ აღმოჩნდნენ. ოთარ დანელია კენჭისყრას არ დასწრებია, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე კენჭისყრას კი დაესწრნენ, მაგრამ კანონპროექტს არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ახლა რაც შეეხება ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოდან გამგზავრების მსურველს სასაზღვრო პოლიცია რამდენიმე კრიტერიუმით შეამოწმებს. საქართველოდან მიმავალ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან იმ შემთხვევაშიც, თუკი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

• თუ პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;

• თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;

• თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;

• თუ არ ექნება სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);

• თუ არ ექნება შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• თუ არ ექნება მოგზაურობისთვის საჭირო თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანონპროექტის ავტორების თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დაწერის მიზანი საქართველოდან უვიზო მიმოსვლის შედეგად გასული ადამიანების კანონსაწინააღმდეგო ქმედება გახდა. კერძოდ, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან.

„გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა“, – წერია განმარტებით ბარათში.

ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაატაროს გარკვეული ღონისძიებები, რომელიც შეამცირებს იმ მოქლაქეების საქართველოდან ევროკავშირში ჩასვლას, ვინც პრობლემას უქმნის მასპინძელ ქვეყანანას.

„აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა სერბეთი და ალბანეთი, რომლებმაც დროულად მოახდინეს გარკვეული შიდა პრევენციული მექანიზმების ამოქმედება, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის კონტროლის გამკაცრება და შედეგად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი მათ მიმართ არ დამდგარა.

ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის – საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც დღეს პარლამენტმა დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შარშან, სანამ კოვიდპანდემიის გამო ავიამიმოსვლა შეიზღუდებოდა, მოქალაქეები წუხდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიღებულ ზომებზე. სოციალურ ქსელებში ადამიანები წერდნენ, რომ ქართველმა მესაზღვრემ არ მისცათ უფლება საქართველოდან გამგზავრებულიყვნენ. სავარაუდო მიზეზი ის გახლავთ, რომ „დასარჩენად მიდიან“. მაგრამ ექსპერტების თქმით, მესაზღვრეს არა აქვს უფლება ვინმეს საქართველოდან წასვლა აუკრძალოს, რადგან კანონმდებლობაში წერია, რომ ადამიანი თუ კანონიერად იმყოფება საქართველოში, მას ასევე აქვს უფლება კანონიერად გავიდეს ქვეყნიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ“ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტი და მოუწოდა პარლამენტს არ დაემტკიცებინათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მოქალაქესთან ურთიერთობისას არის მხარე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ იქნება ობიექტური მონაწილე დაადგინოს, მოქალაქისთვის ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლების დაცვის წესები და პროცედურები“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული კანონით, აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს უზარმაზარ უფლებამოსილებას და იქმნება საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ ქვეყნიდან გასვლა, უარის შემთხვევაში ვერ მოახერხებენ თავიანთი დარღვეული უფლებების დროულ და ეფექტიან დაცვას.

„შესაბამისად, პარლამენტმა, ნაცვლად დელეგირებისა, თავად უნდა განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის თავისუფლების დაცვის წესები და პროცედურები საკანონმდებლო აქტით.

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ უარყოფითად აფასებს აღნიშნულ კანონპროექტს და მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მის მიღებას“, – აღნიშნულია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ განცხადებაში.

ყველაფრის მიუხედავად, პარლამენტმა კანონპროექტი დღეს დაამტკიცა და კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი