სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მიყვანისას ბადრაგს პატიმარი გაექცა

2 სექტემბერს, თელავის რაიონული სასამართლოდან სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას, პატიმარი გაიქცა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, წარსულში სამჯერ ნასამართლევმა გიორგი ქანდავაძემ საპატიმროში შეყვანამდე ხელბორკილების გახსნა მოახერხა.
ინფორმაცია ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა დაადასტურა.
„ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა ასე. ამისთვის ცალკე სასჯელია და ბუნებრივია, მისი მდგომარეობა გართულდა. გუშინვე დააკავეს და შეიყვანეს ისევ ციხეში“, – განაცხადა ადვოკატმა რადიო ჰერეთთან.
ქანდავაძე რუსთავის მკვიდრია. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კახეთის სამ მუნიციპალიტეტში ჩადენისათვის აქვს წაყენებული. გამოძიება მას და კიდევ ოთხ პირს თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხში, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად განხორციელებულ, მაღაზიების გაქურდვას ედავება.
2 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა. პატიმრის გაქცევა, სწორედ სასამართლო განხილვის შემდეგ მოხდა, როცა საბადრაგო სამსახურს ის მერვე დაწესებულებაში გადაჰყავდა. აღიძრა თუ არა საქმე, პატიმრის გაქცევის ფაქტზე, ან დადგება თუ არა, საბადრაგო სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რადიო ჰერეთი დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.