Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობიდან დისკვალიფიცირებულია

588

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და ამერიკის ღია პირველობის მოგების მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი მატჩიდან დისკვალიფიკაციით მოხსნეს.

მერვედფინალის მატჩი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის მიმდინარეობდა. პირველ სეტში, როდესაც ანგარიში 5:4 იყო და ესპანელი აწვდიდა, სერბმა 40:0 წაიყვანა და სეტპოინტები მიიღო, თუმცა, კარენო ბუსტამ სეტპოინტები გადაარჩინა და ანგარიში გაათანაბრა – 5:5.

ამის შემდეგ უკვე თავად სერბი დაბრეიკდა და ესპანელი დაწინაურდა ანგარიშით 5:6. შესაბამისად, სეტის მოსაგებად ჩაწოდება უკვე კარენო ბუსტაზე გადავიდა. სწორედ, ბოლო წაგებული ქულის შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, როგორც ჩანს, გაბრაზებულმა, უმისამართოდ დაარტყა ბურთს და ხაზის მსაჯს, რომელიც ქალია, ყელში მოხვდა. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ქალი ხველებით დაეცა და სუნთქვის გამოსასწორებლად დახმარება დასჭირდა.

ჯოკოვიჩმა მსაჯს მოუბოდიშა

 

მსაჯი დახმარების შემდეგ

ჯოკოვიჩმა კი მოიბოდიშა, მაგრამ, ამის მიუხედავად მატჩის მსაჯთა ბრიგადამ რამდენიმეწუთიანი მსჯელობის შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს დისკვალიფიკაცია მისცა. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ესპანელი პაბლო კარენა ბუსტა გავიდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკაში მორიგი დიდი შლემის მოგების მთავარი ფავორიტი იყო. აქამდე მას ამერიკის ღია პირველობა სამჯერ აქვს მოგებული, სულ კი 17 დიდი შლემის მფლობელია და მხოლოდ როჯერ ფედერერს (20) და რაფაელ ნადალს (19) ჩამორჩება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი